შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
დავით სერგეენკომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის დაწყება მიულოცა, სატრანზიტო-ეკონომიკური ფუნქციის როლი გამოჰყო, ყურადღება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა და ვარაუდი გამოთქვა, რომ პროექტი, კერძო-სახელწმიფო პარტნიორობის საუკეთესო მოდელი იქნება.
„ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ამ პროექტის მიმართება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. სამუშაო ადგილები ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველი პრიორიტეტია. ეს არის საკითხი, რომელიც ყველაზე მაღლა დგას ნებისმიერ გამოკითხვაში. სახელმწიფოს ფუნქცია, ამ შემთხვევაში, არის ისეთი აქტიური დასაქმების პოლიტიკის შექმნა, რომელიც მაქსიმალურ შესაძლებლობას მისცემს სამუშაოს მაძიებელს მოიპოვოს სამსახური.
ეს პროექტი, ვფიქრობ, იქნება ბრწყინვალე მოდელი კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის, გამომდინარე იქიდან, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პროექტის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სახელმწიფოსთან,“ – აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პორტის მშენებლობის პერიოდში 3.000-მდე, მშენებლობის შემდეგ კი – 6.000-მდე პირი დასაქმდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ეტაპზე ადგილობრივები ძირითადად სამშენებლო სექტორში, სამომავლოდ კი, სხვადასხვა სფეროში დასაქმდებიან. მთლიანობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობისა და განვითარების 9 ფაზის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქე იქნება. რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული პროექტის საწყის – სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე, რომელთა დაწყება 2017 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.
პროექტში დასაქმების მსურველთა მონაცემების შეგროვებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. ადამიანური რესურსის მონაცემთა ბაზას ის შემდგომში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ და მის კონტრაქტორ კომპანიებს გადასცემს. დასაქმების მსურველებს საშუალება ექნებათ სამინისტროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირებულ ვებ-პორტალზე – www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირდნენ, ან მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიაში გადასამზადებელი-სასწავლო ცენტრის შექმნასაც გეგმავს, სადაც პორტის მშენებლობისა და განვითარების ეტაპებზე დასაქმების მსურველი ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას უსასყიდლოდ შეძლებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინასამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმება, ნავსადგური კი 2020 წელს გაიხსნება.
Jandacvis Saministro