მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება. რა ცვლილებას გამოიწვევს ის ბაზარზე, ხომ არ გაძვირდება წამლები?
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მომხმარებელი უფრო მეტად დაცული იქნება, მაგრამ კონტროლის გაძლიერება მედიკამენტებზე ფასების მატების მიზეზად არ უნდა იქცეს.
„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
„ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა იქ შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს. იგი ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.
ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი პროცესი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.
თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მედიკამენტების ხარისხის კონტროლს უკვე ოთხი წელია ახორციელებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა თუშურაშვილიამბობს, რომ ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების შემოწმებას ახორციელებს, აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე საუკეთესო ტექნოლოგიით და არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ლაბორატორია.
სწორედ ამიტომ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადება, რომ ეროვნული ბიურო მხოლოდ ადგილობრივ ლაბორატორიას წარმოადგენს. შარშან ლაბორატორიაში, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, 165 დასახელების პრეპარატი შემოწმდა, საიდანაც ლაბორატორიამ დაიწუნა 15 მათგანი.
„ამ დაწუნებული პრეპარატებიდან სამი იყო განსაკუთრებით აღსანიშნავი. ეს არის ე.წ. თვისობრიობით დაწუნებული, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეპარატს სრულიად სხვა ქიმიური შემადგენლობა ჰქონდა, ვიდრე უნდა ჰქონოდა. ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. გარდა სახელმწიფო დაკვეთებისა, ჩვენ გვაქვს კერძო დაკვეთებიც ადგილობრივი ფარმაცევტული ფირმებიდან. ამ მიმართულებით გვქონდა 25 დაკვეთა, საიდანაც სამი პრეპარატი დავიწუნეთ“, – განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ პაატა თუშურაშვილმა.
მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე. მისი აზრით, მოქალაქეების ბიუჯეტი უხარისხო მედიკამენტზე ფუჭად აღარ დაიხარჯება, თუმცა კონტროლის გაძლიერება მედიკამენტებზე ფასების მატების მიზეზად არ უნდა იქცეს. ქვეყანაში ისედაც აშკარაა სამკურნალო საშუალებებზე ფასების ზრდის ტენდენცია.
„კონტროლის ამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს წამლების გაძვირება ან დამატებითი სირთულეების წარმოქმნა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რაკი კონტროლი დაწესდა და დამატებითი ხარჯი გვაქვს და წამალიც უნდა გაძვირდეს. ეს არ უნდა მოხდეს“, – აღნშინა სერგო ჩიხლაძემ.