სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ პროვაიდერ კლინიკებს თბილისში ახალგახსნილი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ დაემატება. მხარეებს შორის მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დასრულდება, ხოლო უკვე ნოემბრიდან ,,არდის“ დაზღვეულებს ახალი კლინიკის სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ.
,,არდის“ სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორის ეკა ერგემლიძის განცხადებით, იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა, რის საფუძველზეც ჰოსპიყტალი სადაზღვევო კომპანიის ერთ-ერთი სამედიცინო პროვაიდერი გახდება. შესაბამისად, ,,არდის“ დაზღვეულები ახალ ჰოსპიტალში სერვისებს ისევე მიიღებენ, როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. უახლოეს პერიოდში მოლაპარაკება დასრულდება. “დაზღვეულს შეეძლება მიმართვა წარადგინოს კლინიკაში, რომელიც ჩვენთან უკვე ელექტრონულია, ადგილზე გადაიხდის მხოლოდ თავისი თანაგადახდის საფასურს. კლინიკასთან როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ სერვისებზე ვითანამშრომლებთ“, – აცხადებს ეკა ერგემლიძე.
მისი ინფორმაციით, ,,არდის“ ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურება, ქვეყნის მასშტაბით, 300-მდე პროვაიდერ კლინიკაში მიიღონ, ხოლო პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების რაოდენობა 200-მდეა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გასულ კვირაში გაიხსნა. პროექტის საერთო ღირებულება და საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
ინვესტიციის დიდი ნაწილი – დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.
ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ამბულატორიული მომსახურებებია ხელმისაწვდომი, ჰოსპიტალური სექტორის ამუშავებისთვის აუცილებელი ნებართვების მისაღებად კი კლინიკა მოლაპარაკებებს ჯანდაცვის სამინისტროსთან აწარმოებს.