სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ბაზარზე ახალი პროდუქტი – კრიტიკული დაავადებებისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი გამოიტანა. პროდუქტი 16 ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მოიცავს, მათ შორისაა სიმსივნე, ინფარქტი, ინსულტი, კომა, თირკმლის უკმარისობა, ალცჰაიმერის დაავადება და სხვა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პაკეტი ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტოა, რადგან მასში სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა გაერთიანებულია. გარდა ამისა, შეთავაზებაში შედის 16 კრიტიკული დაავადება – ამ რაოდენობის დაავადების დაზღვევა კი სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის მსგავს არცერთ პაკეტში არაა.
როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, პაკეტზე დიდი ხანია მუშაობენ და ის ბაზარზე რამდენიმე დღეა რაც გამოიტანეს. კომპანიაში მაღალ მოთხოვნას ელოდებიან, რადგან მათი თქმით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში ადამიანებმა მეტად გაიაზრეს ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის აუცილებლობა. „ალდაგში“ ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ამ პაკეტის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია.
მოცდის პერიოდი 90 დღეს შეადგენს, რაც, როგორც „ალდაგში“ ამბობენ, სხვა კომპანიების ანალოგიური შეთავაზებების პირობებზე მცირე ვადაა. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეულს მხოლოდ დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა უწევს. თანხას კი ის საკუთარ ანგარიშზე მიიღებს და შეუძლია ის ნებისმიერი მიზნით გამოიყენოს. გარდაცვალების შემთხვევაში თანხას დაზღვეულის მიერ მითითებული პირი მიიღებს.
რაც შეეხება ლიმიტებს, დაავადებების დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელი 100 000 ლარამდე თანხას მიიღებს. ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას უფასოდ მოყვება შვილების დაზღვევა.
„კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ამ პროდუქტს ახლავს, წლების განმავლობაში უცვლელი ფასია. ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, მომხმარებელს არ მოუწევს ყოველ წელს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის განახლება და ყოველ წელს განსხვავებული ფასის გადახდა. ფასი იქნება ფიქსირებული და მინიმალური, პირობითად თვეში 10 ლარით ადამიანს შეუძლია 50 000-მდე ლარის მობილიზება კრიტიკული დაავადების დადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში,“- ამბობენ „ალდაგში“.
ვებგვერდზე life.aldagi.ge მომხმარებელს შეუძლია თავად დაიანგარიშოს ინდივიდუალური ფასი, რომელსაც ის ფიქსირებულად გადაიხდის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაში. ფასი დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკსა და სქესზე, ასევე ლიმიტებზე, რომელსაც ის აირჩევს. ანაზღაურების მაქსიმუმი 100,000 ლარია.