„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში“ საქართველოში მოქმედი მსხვილი კერძო და სახელმწიფო კლინიკებიდან ათეულობით კადრი გადავიდა.
კლინიკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ჰოსპიტალში ექიმები “ევექსიდან,” “ავერსიდან,” “ნიუ ჰოსპიტლიდან,” თბილისის ინფექციური კლინიკიდან და სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან გადავიდნენ.
იმის შესახებ, რომ ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი საუკეთესო ექიმების მიზიდვას გეგმავდა, კლინიკაში გახსნის პირველივე დღეებში საუბრობდნენ. მათი თქმით, თანამშრომლებს მკაცრი კრიტერიუმებით შეარჩევდნენ.
ერთერთი ცნობილი ექიმი, რომელიც „ევექსიდან“ ამერიკულ ჰოსპიტალში გადავიდა, ლევან ქარაზანიშვილია, რომელმაც მსოფლიოში სახელი უნიკალური და ინოვაციური ოპერაციებით გაითქვა, ის ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში ლიცენზირებული ქირურგია.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში“ ის გულის, ფილტვების და სისხლძარღვთა დაავადებების ცენტრს ხელმძღვანელობს. მანამდე ქარაზანიშვილი „ევექსის“ კუთვნილი ბოკერიას სახელობის კარდიოქირურგიის განყოფილების უფროსი იყო.
ასევე „ევექსის“ კუთვნილი „კავკასიის სამედიცინო“ ცენტრიდან გადავიდა ამერიკულ ჰოსპიტალში ზაზა ციციშვილი, რომელიც კლინიკაში გინეკოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელია გიორგი ობგაიძე, რომელიც მანამდე ასევე „ევექსის“ კავკასიის მედიცინის ცენტრში საქმიანობდა.
„ნიუ ჰოსპიტლიდან“ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გააგრძელა საქმიანობა ზვიად ყიფიანმა.
„ევექსის“ ყოფილი თანამშრომელია ნეიროქირურგი ბუბა შალამბერიძეც. ამერიკულ ჰოსპიტალში „ჩაფიძის გულის ცენტრიდან“ გადავიდა გიორგი კენჭაძე, რომელიც ჰოსპიტალში ამჟამად ვასკულური და ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ყოფილი „ევექსელია“ გიორგი ხეროდინაშვილი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ურგენტული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
„ევექსის“ კუთვნილ ბოკერიას კლინიკაში ნევროლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობდა იოსებ დუშაშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკულ ჰოსპიტალში ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. „ბოკერიას“ კლინიკაში მუშაობდა ასევე ჰოსპიტლის პედიატრიული განყოფილების უფროსი გიორგი აბაშიშვილი. თბილისის ინფექციური კლინიკიდან კი ამერიკულ ჰოსპიტალში გიორგი კორკოტაშვილი გადავიდა.
„ავერსის“ კლინიკის შემდეგ ამერიკულ ჰოსპიტალში განაგრძო საქმიანობა გასტოენტეროლოგმა თენგიზ თელიამ.
ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კლინიკა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა, 2021 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
პროექტის საერთო ღირებულება 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
ინვესტიციის დიდი ნაწილი – დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.
პირველ ეტაპზე კლინიკაში 200-მდე ადამიანი დასაქმდა. მენეჯმენტის მიზანია, მათი რაოდენობა ჯამში 700-მდე გაზარდოს.
jandacva.ge