მთავარი » ახალი ამბები » ახალი კანონპროექტით კაფეებში, სალონებსა და სასტუმროებში მოწევის აკრძალვა 2017 წლის 1 ივლისიდან იწყება
2018 წლის 1 იანვრამდე სტადიონების ხელმძღვანელებს შეუძლიათ როგორც მოწევის სრული აკრძალვა, ისე მისი დაშვება დაწესებულების ტერიტორიის არაუმეტეს 50%-ისა.

ახალი კანონპროექტით კაფეებში, სალონებსა და სასტუმროებში მოწევის აკრძალვა 2017 წლის 1 ივლისიდან იწყება

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეებში მოწევის სრულად ან ნაწილობრივ აკრძალვა 2017 წლის 1 ივლისიდან იწყება.

2017 წლის 1 ივლისამდე სასტუმროებში და სხვა მსგავს დაწესებულებაში თამბაქოს მოწევა აკრძალულია სასტუმროს ნომრების არანაკლებ 50 პროცენტში.

2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებების, კაფე-ბარების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების, კაზინოების, სილამაზის სალონების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების შენობა-ნაგებობებში დასაშვებია როგორც მოწევის სრული აკრძალვა ისე სპეციალური მოსაწევი ადგილი (ადგილები) გამოყოფა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არ უნდა იკავებდეს დაწესებულების საერთო ფართის 20%-ზე მეტს;
  • სრულად (კედლებით) გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან;
  • უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

2018 წლის 1 იანვრამდე კერძო ოფისების, ქარხანა-ფაბრიკების, საამქროების, საწყობების, ტერმინალების და სხვა მსგავსი დაწესებულებების შენობა-ნაგებობაში დასაშვებია როგორც მოწევის სრული აკრძალვა ისე სპეციალური მოსაწევი ადგილი (ადგილები) გამოყოფა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: არ უნდა იკავებდეს დაწესებულების საერთო ფართის 20%-ზე მეტს; სრულად (კედლებით) გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან; უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

2018 წლის 1 იანვრამდე სტადიონების ხელმძღვანელებს შეუძლიათ როგორც მოწევის სრული აკრძალვა, ისე მისი დაშვება დაწესებულების ტერიტორიის არაუმეტეს 50%-ისა.

ასევე იკრძალება თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა.

ასევე მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, არასამარშრუტო ტაქსიში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, მატარებელში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში, გემზე, კატერებსა და სხვა სანაოსნო საშუალებებზე;

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად.

იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გათამაშების, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის, მისი რომელიმე ნაწილის საშუალებით, ან მისი განაწილებით მონაწილეობა.

ასევე ყველა სხვა სახით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, მათ შორის: საჩუქრების გაცემა ან შეთავაზება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის, გადაცემის ან გასინჯვის მიზნით. პირდაპირი პერსონალური კომუნიკაციები, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, ან თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია.

თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა თამბაქოს ნაწარმის გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, უნდა დაადასტურონ გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება;

პროექტით იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ იგი ხილვადია ობიექტის შიგნიდან ან გარედან.  

პროექტით 30%-დან 65%-მდე იზრდება სამედიცინო გაფრთხილების მიერ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაკავებული ფართობი.

კანონის პროექტის ძირითადი დებულებების ამოქმედების ვადიდან პირველ წელს ნავარაუდევი იქნა აქტიური მოხმარების 2%-იანი, ხოლო მომდევნო 4 წელს საშუალოდ 1%-იანი კლება. შესაბამისად, ძალაში შესვლიდან პირველ წელს, იმ შემთხვევაში თუ ადგილი არ ექნება სხვა ცვლილებებს, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის აქციზის განაკვეთის ზრდა, სავარაუდოდ მოხდება თამბაქოს აქციზური და მოგების გადასახადების და დღგ-ს 2%-ით (დაახლოებით 10 მლნ ლარი), ხოლო მომდევნო წლებში 1%-ით (5 მლნ ლარი) შემცირება.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …