ახალგაზრდა, ჯანსაღ ადამიანებთან ხშირ შემთხვევაში სოციალური დახმარების მეთოდოლოგია მუშაობს, როგორც სამუშაოს მოპოვების დემოტივატორი და არა პირიქით.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხი, რის აღმოფხვრასაც ვცდილობთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში გამოსვლისას .
მისი თქმით, სოციალურ პოლიტიკაში ყველაზე მგრძნობიარე საკითხი სწორედ სოციალური დახმარების მეთოდოლოგია, მისი ადმინისტრირება და განსაზღვრაა.
„ასეთი მეთოდოლოგია სრულყოფილი ვერ იქნება. დასაწყისში, როდესაც ეს პოლიტიკა დაიწყო, 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ, მისი მისია იყო, ადამიანები, რომელთაც მუდმივად ან დროებით ელემენტარული სარჩო-საბადებელი არ ჰქონდათ, ეხსნა თუნდაც შიმშილით სიკვდილისგან. ამ პერიოდის განმავლობაში მეთოდოლოგიამ განიცადა ცვლილებები, იყო პრეტენზიები, ზოგჯერ ობიექტური, ზოგჯერ სუბიექტური.
თუ წარმოვიდგენთ ბოლო წლების ცვლილებას, პირველ რიგში ვეცადეთ, რომ ამ მეთოდოლოგიის მინიჭებისას მოგვეცილებინა პოლიტიკური შემადგენელი, რადგან ძალიან მარტივი ვიზუალური ანალიზით ჩანდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ნახტომისებურად იზრდებოდა წინასაარჩევნო პერიოდებში. ვფიქრობ, ამ პოლიტიკური შემადგენლის ჩამოშორება შევძელით“, – ამბობს სერგეენკო.
მინისტრის თქმით, მეორე პრობლემა რაც იყო და ნაწილობრივ კიდევ რჩება, ქულების მინიჭებისას სუბიექტური ფაქტორის არსებობაა.
„სოციალურ ეგენტს, რომელიც პირველად მონაცემებს კრებდა ოჯახის მდგომარეობის შესახებ, ჰქონდა საკმაოდ ფართო სუბიექტური ველი, რომ მხოლოდ მისთვის ცნობილი სიმპატიებისა და ანტიპატიების მიხედვით მიეღო გადაწყვეტილება, რაც საბოლოო ჯამში ქულებსა და, შესაბამისად, დახმარების დანიშვნა-მოხსნაზე ახდენდა გავლენას. ბოლო ცვლილებებმა სუბიექტური ფაქტორი შეამცირა, თუმცა ის მაინც რჩება“, – ამბობს სერგეენკო.
მინისტრმა მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით საზაგადოების ინფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც სოციალური დახმარების ბენეფიციარი დროებით სამსახურს დაიწყებს, ამის შესახებ მან სამსახურს უნდა შეატყობინოს.
„თუ არ შეგვატყობინა და ჩვენ ვნახეთ შემოსავალი, ასეთ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად დაბლოკავს. ზოგჯერ მათ არ იციან ამის შესახებ, რომ უნდა შეგვატყობინონ, ან ზოგჯერ ეშინიათ, რომ თუნდაც ერთჯერადი შემოსავლის მიღებით არ დაკარგონ სოციალური დახმარება. ეს არის ხარვეზი, რომლის გამოსწორობაზეც ვმუშაობთ. იგივე ეხება საზღვრის კვეთას, ასევე პირველი რიგის ოჯახის წევრებს თუ დაუფიქსირდათ მაღალი შემოსავალი და ა.შ. თუკი ამის შესახებაც არ იქნება შეტყობინება, სისტემა რეაგირებს ისე, რომ ისინი იხსნებიან პროგრამიდან“, – ამბობს სერგეენკო.
რაც შეეხება მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტას, მინისტრმა განმარტა, რომ 2015 წლის აპრილში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლის ამოცანაც იყო ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდა, გამოიწვია მარტოხელა პენსიონერების მდგომარეობის გაუარესება.
„სადღაც ივნისის მეორე ნახევარში ჩვენ, ისევ შევიტანეთ ცვლილებები; შევცვალეთ კოეფიციენტები; მეტი პრივილეგია მივანიჭეთ იმ სიტუაციაში მარტოხელა პენსიონერებს და ამან მოგვცა შედეგი, რომ მათთვის სოციალური დახმარების მოხსნის დინამიკა გაჩერდა“, – ამბობს სერგეენკო.