საქართველოში ყოველი მეორე აფთიაქი წამლებს ურეცეპტოდ ყიდის. როგორც ჩანს, ფარმაცევტულ კომპანიებს შიში გაუქრათ და უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მედიკამენტის რეცეპტის გარეშე შეძენა.
როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ურეცეპტოდ მედიკამენტის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში მომხმარებლის მიერ ე. წ. დაგროვების ბარათის წარდგენის შემდეგ ხდება. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამ ფაქტზე კარგა ხანია საუბრობენ და მიუთითებენ, რომ ისეთი მედიკამენტები, რომლის თვითნებურად მიღება განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ექიმის მიერ გაცემული საბუთის გარეშე არ უნდა იყიდებოდეს.
რეცეპტის მნიშვნელობაზე “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სერგო ჩიხლაძემ გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, ვითარებას ასე თუ ისე ელექტრონული სისტემა დაარეგულირებს.
“რ”: რაში მდგომარეობს წამლის რეცეპტის იდეა?
ს.ჩ.: რეცეპტი იმიტომაა საჭირო, რომ არ მოხდეს წამლების თვითნებურად დანიშვნა და ყველა პრეპარატი პაციენტმა მიიღოს ექიმის რჩევის მიხედვით. მესმის, რომ თავის ტკივილის ან სხვა ნაკლებად საზიანო წამლები ადამიანმა თავისი შეხედულების მიხედვით მიიღოს, თუმცა ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ფსიქოტროპული ან ანტიბიოტიკი, არ შეიძლება უნებართვოდ გაიცემოდეს. მსგავსმა უკონტროლო მოხმარებამ და თვითნებურმა მკურნალობამ შეიძლება უფრო სავალალო შედეგი გამოიღოს.
რეცეპტი იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ მოხერხდეს წამლების უკეთ აღრიცხვა და მინიმუმამდე დავიდეს თვითმკურნალობის სავალალო შედეგი.
“რ”: როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გაამართლა მედიკამენტების რეცეპტით ყიდვის სისტემამ?
ს.ჩ.: თუ დიდ აფთიაქში ყიდულობ ექიმის დანიშნულების მიხედვით, ეს მონაცემი აფთიაქის ბაზაში რჩება და ყოველ შემდგომ ვიზიტზე აღარ გიწევს რეცეპტის ჩვენება. მაგალითად, თუკი რაღაც წამალს რამდენიმე თვე ყიდულობთ და ეს პროცესი კიდევ რამდენიმე თვე უნდა გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში ყოველ ჯერზე რეცეპტს არ ითხოვენ.
თუმცა, ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა აფთიაქები პირველივე მისვლაზე ურეცეპტოდ ყიდიან წამლებს. ასეთმა ფაქტებმა საკმაოდ იმატა და მისი აღკვეთაც აუცილებელია. ფსიქოტროპული მედიკამენტების ყოველგვარი დანიშნულების გარეშე გაყიდვა ისე, რომ ის მყიდველი ბაზაში არასდროს იყოს დაფიქსირებული, დანაშაულია. ეს აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს.
“რ”: რა უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით?
ს.ჩ.: აუცილებლად უნდა დაინერგოს ელექტრონული რეცეპტების სისტემა. მისი საშუალებით გაკონტროლდება როგორც მედიკამენტების ურეცეპტოდ გამცემი ფარმაცევტული დაწესებულებები, ასევე ის ექიმებიც, რომლებიც სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან არიან შეკრულნი და პაციენტს საჭიროზე მეტ წამალს უნიშნავენ. ეს სისტემა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ინერგება და 2018 წელს უკვე მთელ საქართველოს მოიცავს.