ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების დეფიციტს ხელოვნურად ქმნიან. როგორც ზურაბ აზარაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, მსგავსი შემთხვევები კანონით დარეგულირდება.
„სამწუხაროდ, ნამდვილად იყო ასეთი ფაქტები, ეს გამომდინარეობდა რამდენიმე ხნის წინ იმ ვირუსებიდან რაც ბავშვებში იყო გავრცელებული. ამ ყველაფერს მომდევნო წლიდან კანონი დაარეგულირებს, ჩვენ გავაკეთეთ ჩანაწერი კანონში, რომ ნებისმიერი საბითუმო მოვაჭრე ვალდებულია ონლაინ გაგვიხნას ბაზები და ნებისმიერ დროს რეგულირების სააგენტო ხედავს როგორც ნაშთებს, ასევე ფასებს. ეს ერთი მხრივ, დაგვეხმარება იმაში, რომ კომპანიებმა რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად არ გაყიდონ მედიკამენტი და რეაგირების შესაძლელობასაც მოგვცემს, იმისთვის რომ ხელოვნურად დეფიციტის შექმნა ვერ შეძლონ. იმპორტიდან დაწყებული მთელ ციკლს გავაკონტროკლებთ,“ – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, კომპანიები ფასის ზრდის მიზნით, დახლზე კონკრეტული მედიკამენტის განთავსებისგან თავს იკავებდნენ.
„სამწუხაროდ, ფაქტებიც იყო რომ აფთიაქები ხელოვნურად იღებდნენ დახლებიდან მედიკამენტებს, „ნუროფენი“ იყო მაგალითად ასეთი. ხედავდნენ, რომ მოთხოვნა მაღალი იყო და ამას აკეთებდნენ იმისთვის რომ მერე უკვე ოთხჯერ და ხუთჯერ ძვირად გაყიდულიყო. სამწუხაროდ, ასეთი არაკეთილსინდისიერი მიდგომა არსებობს, ამას მარკეტინგს ვერ დავარქმევ,“ – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, ქსელურ და არაქსელურ აფთიაქებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიცხის დამწევი მედიკამენტების განსაკუთრებული დეფიციტი იყო. პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა მომხმარებლები საბავშვო ანტივურუსული საშუალებების დეფიციტზე კვლავ საუბრობს.
business-partner.ge