PSP-ს დამფუძნებელმა საინვესტიციო გეგმების განხორციელება შეაჩერა. საუბარია ორ პროექტზე – ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის გაფართოებასა და ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე.
კომპანია “PSP”-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ამ ორი პროექტის განხორციელება პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ტემპებზე, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობაზე.
„ეს ორი პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან არ ვიცით, რას და როგორ გეგმავს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით. ზოგადად, ეს კარგი პროგრამაა, თუმცა, როგორ გაგრძელდება, ეყოფა თუ არა ის ფინანსური სახსრები რაც გამოყოფილია იმიტომ, რომ იზრდება მოხმარება,”-აცხადებს ოქრიაშვილი.
მისივე განცხადებით, ამ პროგრამასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, თუმცა, ამ დრომდე მათ არავინ პასუხობს. ოქრიაშვილის განმარტებით, მისი კომპანიის განვითარება დარგის განვითარების ტემპის პარალელურად მოხდება.
ოქრიაშვილის ინფორმაციით, იგეგმება ნიუ ჰოსპიტალის გვერდით, ახალი, 12 სართულიანი საავადმყოფოს გახსნა. შენობა უკვე აშენებულია და დარჩენილია რემონტი. ოქრიაშვილი ორივე პროექტში, 3-4 წლის განმავლობაში 70 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.