PSP ჯგუფი, როგორც სააფთიაქო ქსელი, სომხეთის ბაზარზე გადის. შესაბამისი შეთავაზება PSP-მ სომხური მხარისგან მიიღო.
აპირებს თუ არა კომპანია სხვა ქვეყნებში გასვლას და რას გეგმავს ე.წ. დაპაუზებულ პროექტებთან დაკავშირებით, „კომერსანტს“ PSP ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ესაუბრა:
– ცნობილი გახდა, რომ PSP სომხეთის ბაზარზე შედის. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რატომ მაინცდამაინც სომხეთი?
– ჩვენ სომხეთის ბაზარზე უკვე ვართ, ჩვენი წარმოებული მედიკამენტები დახალოებით 4-5- წელია იყიდება მეზობელ ქვეყანაში. წარმატებულად ვგრძნობთ იქ თავს. ჯამურად დაახლოებით მილიოინი-მილიონ 200 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდება მეზობელ ქვეყანაში, ეს არის მთელი სომხეთის ბაზრის დაახლოებით 1%,-1,5%, რაც არ არის ცოტა. გვაქვს იქ წინადადებები, რომ ერთ-ერთი ქსელის თანამფლობელები გავხდეთ.
სომხეთი ძალიან ახლოს არის, რა ქუთაისში ჩასულხარ და რა იქ. ერთი ის არის ცუდი, რომ თვითმფრინავები არ დაფრინავენ და ავიარეისები არ არსებობს, თორემ დანარჩენი პრობლემას არ წარმოადგენს. იქ უკვე ვარსებობთ, როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, ჩვენი წარმომადგენლობა გვაქვს და გაფართოებას ვგეგმავთ.
– განვმარტოთ: სომხეთში PSP, როგორც ბრენდი, არ შედის? უბრალოდ ყიდულობთ ერთ-ერთ ქსელს და მათი სახელით გააგრძელებთ ოპერირებას?
– იქ ვართ წარმოდეგნილი როგორც მწარმოებელი ანუ GMP-ის ბრენდი. თუ გადაწყდა და მოვილაპარაკეთ ამ კომპანიასთან და ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი, სავარაუდოდ, PSP-ს ბრენდად გააგრძელებს მუშაობას იქაური ქსელი.
– შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ სააფთიაქო ქსელთან მიდის მოლაპარაკება?
– არა, ეს ჯერჯერობით კონფიდენციალურია.
– ეს PSP-სთვის, როგორც სააფთიაქო ქსელისთვის, სხვა ქვეყანაში გასვლის პირველი შემთხვევაა?
– დიახ, ეს პირველი შემთხვევაა. როგორც მწარმოებლები ვოპერირებთ ბევრ ქვეყანაში. ბევრ ქვეყანაში ახლაც მიდის რეგისტრაციის პროცესები, დაახლოებით 5 ქვეყანაში 17-18 მილიონი დოლარის მოცულობის პროდუქცია იყიდება.
ეს წინადადება სომხეთიდან მივიღეთ, მათი მხრიდან იყო დაინტერესება და არა ჩვენი მხრიდან, ახლა ამას სერიოზულად განვიხილავთ.
– მომავალში სხვა ქვეყნებშიც თუ აპირებთ გასვლას?
– ჩვენთვის უფრო პრიორიტეტულია სხვა ქვეყნებში გასვლა მწარმოებლის რანგში და არა როგორც სააფთიაქო ქსელის რანგში.
– სომხურ ბაზარზე გასვლის გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ რაიმე პრობლემას? მაგალითად „ჯიპისი“ შეიძინა „ევექსმა“ და არის მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება „ჯიპისის“ მფლობელმა მის წინაშე არსებული პრობლემების გამო მიიღო. თქვენც ხომ არ შეგექმნათ რაიმე სახის პრობლემა?
– არა. გაიყიდა „ჯიპისი“ და მერე რა?! ახალი მფლობელი ჰყავს და კომპანია განვითარდება ნორმალურად. უბრალოდ საწყენია, რომ 20 წელია არსებობს ეს კომპანია და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს გაყიდვა. მათ ძალიან მაღალი იჯარები ჰქონდათ და შესაძლებელია მენეჯმენტის პრობლემებიც… პირიქით, ჩვენ ზომიერად მომგებიანი კომპანია ვართ და დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ მომავალს.
– სხვა პროექტებზეც გკითხავთ, რომლებიც, როგორც თქვენ აცხადებდით, გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული გქონდათ. საუბარია ორ პროექტზე – ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის გაფართოებასა და ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე. რა ეტაპზეა ეს პროექტები?
– ეს პროექტები შეჩერებული არ არის, უბრალოდ მათი განხორციელების ინტენსივობაა დაბალი. უფრო სწრაფ განვითარებას ვგეგმავდით და შევანელეთ. ეს დაკავშირებულია საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმასთან, სადაც საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის თამაშის ახალი წესები საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– ის ფასები, რომლებითაც საავადმყოფოები ემსახურებიან ჯანდაცვის სამინისტროს, უკვე 2 წელია არ შეცვლილა. პირიქით, განიცდის ცვლილებას შემცირებისკენ. ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს საავადმყოფოების განვითარებასთან დაკავშირებით.
– თუმცა, საავადმყოფოების სერვისის მოხმარება მზარდია წლიდან წლამდე…
– შეიძლება მოხმარება იყოს და მოგება არ იყოს, შესაბამისად, განვითარებაც არ იქნება…
– როდისთვის ფიქრობთ, რომ საავადმყოფოს მშენებლობა დაასრულოთ და რა ოდენობის ინვესტიციას დებთ ამ პროექტში?
– არ ვიცით როდის დასრულდება. ეს პირდაპირ ჯანდაცვის სისტემაზეა დმოკიდებული. საავადმყოფოში 37 მილიონი ევროა ჩადებული.
– რაც შეეხება ქარხნის გაფართოებას, ამ მიმართულებით რატომ არის პრობლემები?
– აქ პრობლემა იყო შემდეგი: ჩვენთანაც და გარშემოც, სადაც ვოპერირებთ, ყველგან სავალუტო კრიზისი იყო: სომხეთი, უკრაინა, ბელორუსი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ა.შ. აქედან გამომდინარე ის გეგმები, რაც გვქონდა, ვერ შესრულდა. თუმცა, კლებაც არ გვქონია. ახლა ისევ წინ წავიდა საქმე.
ამ წლიდან, როგორც ჩვენთან შეიმჩნევა სავალუტო სტაბილიზაცია, ასევე შეიმჩნევა სხვა ქვეყნებშიც. აქედან გამომდინარე საქმე ნელ-ნელა წინ წავა. უკვე განვაახლეთ ეს ინვესტიციები. დახალოებით 18 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება ამ მიმართულებით 2017 წლის ჩათვლით. წელს იქნება დაახლოები 10 მილიონი, აქედან ნაწილი უკვე ჩადებულია.