მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » როგორ მოვაგვაროთ ფარმაცევტიკის პრობლემა, სახელად შკრელი
ჰეჯ-ფონდის ყოფილი მენეჯერი, მარტინ შკრელი, ფარმაცევტული ინდუსტრიის ყველაზე დიდი არამზადის სახელით არის ცნობილი."ამერიკის ყველაზე საძულველი კაცი"

როგორ მოვაგვაროთ ფარმაცევტიკის პრობლემა, სახელად შკრელი

ამერიკის ყველაზე საძულველმა ანტრეპრენიორმა, გარკვეულწილად საზოგადოებრივად სასარგებლო სამსახური გასწია: მან ფარდა ახადა ფუნდამენტურად ნაკლოვან სისტემას, რომელიც მთელ ინდუსტრიას საფრთხეს უქადის.

დეკემბერში, ნიუ-იორკში, Forbes-ის ჯანდაცვის სამიტზე, თავი მოიყარა ჯანდაცვის სამყაროს, სულ მცირე, $1-ტრილიონიანმა (საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით) ძალამ. Pfizer-ისა და Merck-ის აღმასრულებელმა დირექტორებმა. Regeneron-ის მილიარდერმა დამფუძნებელმა. GlaxoSmithKline-ისა და Celgene-ის უფროსობამ. მაგრამ ყველაზე მაგარი სტუმარი, რომელიც, ბევრის აზრით, არ გამოცხადდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პირადად გაეგზავნა წერილი, („100%-ით მოვდივარო“ – იყო მისი პასუხი), კაპიუშონიან სვიტრში გამოწყობილი 32 წლის კაცი გახლდათ.

ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფასიანი ქაღალდების გაყალბების ბრალდებით დააკავებდნენ, ჰეჯ-ფონდის ყოფილი მენეჯერი, მარტინ შკრელი, ფარმაცევტული ინდუსტრიის ყველაზე დიდი არამზადის სახელით უკვე სარგებლობდა. ალბათ ერთადერთი საკითხი, რაზეც ჰილარი კლინტონი, ბერნი სანდერსი და დონალდ ტრამპი თანხმდებიან, ისაა, რომ შკრელის ქმედებები, ტრამპის თქმით, “საზიზღრობაა”.

სექტემბრამდე, ბიოტექნოლოგიური წრეების მიღმა, პრაქტიკულად არავინ იცნობდა შკრელის. ცნობილი კი მას მერე გახდა, რაც მისმა კომპანია Turing Pharmaceuticals-მა Daraprim-ი იყიდა – წამალი, რომელიც გამოიყენება შიდსის მქონე და ტრანსპლანტაციურ პაციენტებში იშვიათი, თუმცა მომაკვდინებელი ტოქსოპლაზმური ინფექციების სამკურნალოდ. შკრელიმ წამალში $55 მილიონი გადაიხადა, ერთ ღამეში კი ერთი აბის ფასი $13.50-დან $750-მდე ასწია. ინტერნეტმაც არ დააყოვნა და მას “ამერიკის ყველაზე საძულველი კაცი” შეარქვა.

ის ყველაზე უტიფარიც იყო. სამიტზე მართლაც გამოცხადდა და კოსტიუმებში გამოწყობილთა არმიის წინაშე სპორტული ფეხსაცმლით, ჯინსითა და იმ კაპიუშონიანი სვიტრით წარდგა: “როგორც ყველა სხვა კომპანიას, ჩვენც გვყავს აქციონერები, ხოლო ჩვენს აქციონერებს უნდათ, რომ მოგება გავზარდოთ”.

როცა კიმ უაიტმა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის გიგანტ Edelman-ში ჯანდაცვის პრაქტიკას ხელმძღვანელობს, იკითხა, რაიმეს სხვანაირად ხომ არ გააკეთებდითო, შკრელიმ უპასუხა: “ალბათ იმას გავაკეთებდი, რომ ფასს კიდევ უფრო გავზრდიდი”. ყველა სახტად დარჩა. მსოფლიოში კვლავ ახალი ჰედლაინები გამოჩნდა.

და რატომ მოიქცეოდა ასე? „ჩემი აზრით, ჯანდაცვის ფასები არაელასტიკურია, – ცივად დასძინა შკრელიმ. – შემეძლო, უფრო გამეზარდა და ჩვენი აქციონერებისთვის მეტი მოგების საშუალება მიმეცა, რაც ჩემი უმთავრესი მოვალეობაა. და მაინც, არავის უნდა ამის თქმა. ეს არავის ეამაყება. მაგრამ ჩვენ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, კაპიტალისტურ სისტემაში და კაპიტალისტური წესებით. ჩემს ინვესტორებს მოლოდინი აქვთ, რომ მოგებას გავზრდი. კი არ შევამცირებ, ან გავაორმაგებ, ან 70%-ზე გავჩერდები, არამედ მოგების მრუდის 100%-ზე ავიყვან. ამას ყველას გვასწავლიან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურაში (M.B.A.) (ცნობისათვის, შკრელის M.B.A.-ის ხარისხი არა აქვს).

მარტინ შკრელი ფლობს ნიჭს, თქვას ზუსტად ისეთი რამე, რაც ხალხს გააბრაზებს. მაგრამ ინდუსტრიის პატარა უხამსი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ეს სფერო სავსეა მარტინ შკრელიებით, თუმცა მისი უფრო ნაკლებად ხარბი ვარიანტებით, რომელთაც უკეთესი ფეხსაცმელი აცვიათ და უფრო დახვეწილი მანერები აქვთ. როგორც წესი, ისინი ძველ წამალზე ფასებს 5,000%-ით არ ზრდიან, მხოლოდ 50%-ს ან 500%-ს სჯერდებიან. საკონსულტაციო ფირმის, SSR-ის თანახმად, რომელიც ჯანდაცვაში კვლევებს ატარებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში Merck-ის მიერ ფასების ზრდამ მისი გაყიდვების ზრდის 29% შეადგინა, Pfizer-ისა – 34%, ხოლო AbbVie-ის – 112%.

ეს ფარმაცევტიკის პრობლემაა, რომელსაც შკრელი შეგვიძლია, ვუწოდოთ. კი, ბევრი ახალი წამალი ძვირი უნდა ღირდეს, თორემ მათ გამოსაგონებლად წლებსა და მილიარდებს არავინ დახარჯავდა. მაგრამ აქვს შკრელის, ან ნებისმიერ სხვას, უფლება, 62 წლის წამალი, ერთი ხელის მოსმით, 5,000%-ით გააძვიროს? რა იქნებოდა, მხოლოდ 200%-ით რომ აეწია ფასი? რა იქნებოდა, ჯერ დარწმუნებულიყო, რომ ის პაციენტები, რომელთაც ასეთ ძვირ წამალზე ხელი არ მიუწვდებათ, მას უფასოდ იღებენ? მით უფრო, რომ ამბობს, ასე ვიქცევიო. ან რა იქნებოდა, პირობა დაედო, ცოტა ფულს კვლევასა და განვითარებაში დავხარჯავო? – რაზეც ასევე ამბობს, რომ აკეთებს. რა იქნებოდა ასეთ შემთხვევაში? იქნებ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო?

წამლის ფასების ირგვლივ არსებული სამართლებრივი პრეტენზიებისთვის ახალი საზომი გვაქვს: შკრელის ტესტი. როგორ გაიჟღერებს მარტინ შკრელის პირიდან წამოსული ნებისმიერი გამამართლებელი საბუთი წამლის ხარჯის გაძვირების შესახებ იმ საბუთებთან შედარებით, რომლებიც სამართლებრივად გამართულ ანალიზში სახელდახელოდაა მოყვანილი? ზოგჯერ, – მაგალითად, ინოვაციური წამლების შემთხვევაში – ფასის ავარდნა მისაღებია, მაგრამ ბევრ შემთხვევაში – არა.

მარტინ შკრელი პირველად 2012 წელს გავიცანი – რესტორანში, ლანჩზე. შუაგულ მანჰეტენზე ბრანზინოს მივირთმევდით. მაშინ კოსტიუმი ეცვა და მხოლოდ ახალი წამლების გამოგონებაზე ლაპარაკობდა, ძველების ყიდვასა და ფასების აწევაზე კი არა.

მუშათა კლასის წარმომადგენელი იმიგრანტების ვაჟი, შკრელი, იმ დროს პატარა ჰეჯ-ფონდს, MSMB CAPITAL-ს, მართავდა და მცირე მასშტაბით უკვე ცუდ სახელსაც იმკვიდრებდა იმით, რომ კომპანიებს საჯაროდ უტევდა და მათ აქციებს ჰყიდდა. აიღეთ, მაგალითად, Afrezza – მილიარდერი ელ მენის მცდელობა, შეექმნა ისეთი ინსულინი, რომელსაც ინიექციის ნაცვლად, პაციენტი შეისუნთქავდა. შკრელიმ Affrezza-ს მწარმოებელი MannKind-ის აქციები დაფარვის გარეშე გაყიდა, შემდეგ საკვებისა და წამლების ადმინისტრაციაში (FDA) სარჩელი შეიტანა – მოთხოვნით, რომ წამლისთვის სანქცია არ მიეცათ (ბოლოს, რაღაც მომენტში, Affrezza-ს მაინც მისცეს სანქცია, თუმცა კარგად არ იყიდება).

მაგრამ, როგორც თავადვე თქვა, სპეკულანტობა არ კმაროდა. რაღაც მეტის გაკეთება სურდა: უნდოდა, წამლები გამოეგონებინა და ამ მიზნისთვის, კომპანია, სახელად Retrophin-ი, დააარსა. შკრელიმ, თავდაპირველად, კუნთური დისტროფიის წამლის ლიცენზიის მისაღებად ფული ისეთი ინვესტორებისგან მოიზიდა, როგორებიც არიან ფრედ ჰასანი – წამლების გიგანტის, Schering-Plough-ის ყოფილი ლეგენდარული აღმასრულებელი – და მისი პროტეჟე, ბრენტ სონდერსი (ორივე ახლა ამტკიცებს, რომ ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა და რომ შკრელიმ გააზვიადა მათი როლი).

„ერთადერთი ადამიანი, ვისგანაც დასტური მჭირდებოდა, ფრედ ჰასანი იყო“, – მითხრა მაშინ შკრელიმ. მან, ასევე, თირკმლის იშვიათი დაავადებისთვის განკუთვნილი Ligand Pharmaceuticals-ის წამლის ლიცენზირება მოახდინა.

მერე, 2014 წლის სექტემბერში, თითქოს მოწმენდილ ცაზე, Retrophin-მა შკრელი გააგდო, ერთი წლის შემდეგ კი მის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა სასამართლოში: ედავებოდა, რომ კომპანიის ფული, წილები და საკონსულტაციო გარიგებები არაკანონიერად გამოეყენებინა, რათა თავისი ჰეჯ-ფონდის ინვესტორთათვის გადაეხადა და გამდიდრებულიყო.

ფედერალურმა პროკურორებმა და Securities & Exchange Commission-მა მას სისხლის სამართლისა და სამოქალაქო ბრალი წაუყენეს, რასაც უფრო საინტერესო ბრალდებებიც მოჰყვა, კერძოდ კი ის, რომ 2010 წელს შკრელი ინვესტორებს ეუბნებოდა, MSMB Capital-ის აქტივები $35 მილიონს შეადგენსო, მაშინ როცა $1,000-საც არ შეადგენდა, და კიდევ ის, რომ 2012 წელს $7 მილიონი დაკარგა მას მერე, რაც ჭარბი წონის სამკურნალო წამლის მწარმოებელი Orexigan Therapeutics-ის აქციების გაყიდვა დაფარვის გარეშე ცუდად წაუვიდა.

შკრელის მტკიცებით, Retrophin-ს არ უნდა, მას რომ სამსახურიდან განთავისუფლების შემწეობა გადაუხადოს, და რომ ფედერალურ პროკურორებს მისი ბუღალტერია უბრალოდ არ ესმით. ან კი, როგორც სამიტზე, დაკავებამდე ორი კვირით ადრე, აღნიშნა: „ნუ მიწყენთ, მაგრამ პოლიტიკოსებს იმ ტიპებზე უყვართ თავდასხმა, რომლებიც საზოგადოებრივ მტრებად არიან აღქმულნი. ეს არჩევნების მოსაგებად მშვენიერი გზაა“.

Retrophin-იდან გამოძევების შემდეგ, მალევე, შკრელი თავის ამპლუას დაუბრუნდა და, როგორც თავად ამბობს, ახალი კომპანიისთვის, Turing Pharmaceuticals-ისთვის, $100 მილიონის მოზიდვას შეუდგა.

„ერთი-ორგან დავრეკე და ბანკში $100 მილიონი ავიღე, – თქვა მან ჯანდაცვის სამიტზე. – ჩემმა ინვესტორებმა იციან, რასაც ვუშვრები ამ ფულს. მათთვის თანხას ვზრდი. ესაა ჩემი საქმე. ამას კარგად ვაკეთებდი და ასეც ვაპირებ გაგრძელებას. ესაა ერთ-ერთი კომპონენტი, რაზეც კაპიტალისტური ამერიკა დგას“. 

და როგორ? ფასების უსაშველო გაზრდით. წამალზე ფასის გაზრდა გასაოცრად ადვილია აშშ-ში, თან ისე, რომ მოცულობის კლებას მანამდე ვერ გრძნობ, სანამ აკონტროლებ, რომ პაციენტებს შეუძლიათ, წამალში ის ფული იხადონ, რომელსაც აუნაზღაურებენ. სადაზღვევო კომპანიები ხარჯებს ფარავენ.

ეს სიახლე როდი იყო. შკრელიმ ფასების ავარდნის მეთოდები თავის წინამორბედებზე დაკვირვებით ისწავლა. 2007 წელს Questcor Pharmaceuticals-ის სადავეები დონ ბეილიმ ჩაიგდო ხელში – მექანიკოს-ინჟინერმა და თავდაცვის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა. მან Acthar Gel-ის – ჩვილებში ეპილეფსიური შეტევებისთვის გამოყენებული წამლის ერთი ფლაკონის ფასი $50-დან $28,000-მდე გაზარდა, მერე კი ბაზარზე ისეთი დაავადებების სამკურნალოდ გაიტანა, როგორიცაა, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი. არადა, ძალიან ცოტა კვლევა თუ ადასტურებდა ამ წამლის ეფექტიანობას ასეთი დაავადებების მკურნალობისას. 2014 წელს, Questcor-ი დუბლინში დაფუძნებულმა Mallinckrodt-მა $5.6 მილიარდად იყიდა.

წამლების ფასის ზრდა Valeant Pharmaceuticals-მაც ჩვევად იქცია, რომელიც ნიუ-ჯერსიშია დაფუძნებული, თუმცა გადასახადებს კანადაში იხდის. გასულ თებერვალს ამ კომპანიამ გულის წამლები, Nitropress-ი და Isuprel-ი შეიძინა და პირველის ფასი – 500%-ით, მეორისა კი 200%-ით გაზარდა. GlaxoSmithKline-ისგან ნაყიდი ანტიდეპრესანტის, Wellbutrin XL-ის ფასი გაოთხმაგდა მას მერე, რაც FDA-მ განაცხადა, რომ ამ წამლის გენერიკულ ვერსიებს, შესაძლოა, ეფექტიანად არ ემუშავათ.

2005 წელს, ბანკირმა, სახელად სტივენ ჰარმა აღნიშნა, რომ კიბოს წამლებზე ფასების უსაშველოდ ზრდის ერთადერთი ბარიერი იყო „კომპანიათა კეთილი ნება და არახელსაყრელი იმიჯის თავიდან არიდების მოტივი“, მაგრამ კლიენტები გააფრთხილა, რომ ინდუსტრიას გაზრდილი რეგულაციებისა და ფასებზე შესაძლო კონტროლის რისკის ქვეშ აყენებდნენ (ჰარი ახლა სიეტლის ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Juno Therapeutics-ის ფინანსური დირექტორია).

მოკლედ, დასკვნა ისაა, რომ ფასების გაზრდას თუ აპირებ, საჯაროდ ამის შესახებ არ უნდა იტრაბახო. ყოველი კომპანია, რომელიც ამ სტრატეგიას მისდევდა, პრესისთვის თავის არიდებას ცდილობდა. მაგრამ შკრელის ეს ტაქტიკა არ აურჩევია. ბიოტექნოლოგიის განთქმულ ჟურნალისტს Twitter-ზე „ჭკუასუსტი“ უწოდა. ხოლო, როცა ფარმაცევტული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით თავისი გეგმების გასაჯაროების მიზნით, ჰილარი კლინტონი გამუდმებით ტვიტავდა შკრელის შესახებ, ამ უკანასკნელისგან პასუხად მხოლოდ „LOL“ მიიღო.

ცოცხალ რეჟიმში, YouTube-ზე შკრელი საკუთარ ვიდეოებს დებდა, სადაც ხან ვიდეოთამაშებს თამაშობდა, ხან ონლაინპაემნების საიტზე დაძვრებოდა და ხან თავის მაყურებელთა კითხვებს სცემდა პასუხს. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ჰიპ-ჰოპ-ჯგუფის, Wu-Tang Clan-ის ალბომის მხოლოდ ერთ ასლში $2 მილიონი ჰქონდა გადახდილი. ამტკიცებდა, არც კი მომისმენიაო, მაგრამ რეპის ვებგვერდს, HipHopDX-ს უთხრა, რომ ალბომს მხოლოდ ტეილორ სვიფტისთვის ჩართავდა, მისგან ორალური სექსის სანაცვლოდ. ეს უფრო პერფორმანსი იყო, ვიდრე პიარი.

რა გასაკვირია, რომ რესპექტაბელურ ფარმაცევტულ კომპანიებს ამ ცირკიდან დისტანცირება უნდათ. „ჩემი აზრით, ჩვენი ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიო გავხადოთ, რომ ის არ არის ერთ-ერთი ჩვენგანი, – თქვა Merck-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეტ ფრეიჟერმა. – ჩვენ კვლევაზე დაფუძნებულ ფარმაცევტულ ინდუსტრიას წარმოვადგენთ“.

„ჩვენ და ეს ტიპი ერთსა და იმავე ბიზნესში არ ვართ“, – ფაქტობრივად იმეორებს ფრეიჟერის სიტყვებს ბიოტექნოლოგიური კომპანია Regeneron-ის მილიარდერი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლეონარდ შლეიფერი. დამნაშავედ კი ის ფაქტი გამოჰყავს, რომ სადაზღვევო კომპანიები ისე არ ფარავენ წამლების ხარჯებს, როგორც სამედიცინო პროდეცურებისას. ამბობს, რომ ოჯახის წევრს $150,000-იანი შუნტირების ოპერაცია დასჭირდა, ხარჯები სადაზღვევომ დაუფარა, მაგრამ $6-იან აბში, Lipitor-ში, ფულის გადახდაზე უარი უთხრა, არადა, ეს წამალი მორიგი ოპერაციის პრევენციისთვის გამოადგებოდათ.

„ხალხი ფარმაცევტული ინდუსტრიის სიძულვილს მიეჩვია, პოლიტიკოსები კი მარტივ, უშედეგო თავდასხმებს დასჯერდნენ“, – ამბობს შლეიფერი.

ჰილარი კლინტონს მართლაც გათავისებული აქვს ეს არგუმენტი – იმდენად, რომ თავისი კანონპროექტის ნაწილადაც აქცია, რომელიც წამლების ფასის კონტროლს ეხება. ის ამბობს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ჯარიმები უნდა დაუწესდეთ იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლის გარკვეულ ნაწილს კვლევასა და განვითარებაში არ დახარჯავენ. გარდა იმისა, რომ ეს კანონპროექტი, დიდი ალბათობით, არ იმუშავებს, ის წარუმატებელიცაა, თორემ შკრელის არ მისცემდა Daraprim-ზე ფასის გაზრდის უფლებას…

თანაც, ბოლო-ბოლო, შკრელი ამტკიცებს, კვლევასა და განვითარებაში ფულს ვხარჯავო. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვინდა კი, მთავრობამ დაადგინოს, როგორ დააბანდებენ კომპანიები თავიანთ ფულს, ან გადაწყვიტოს, წამლის კომპანიის მიერ წარმოებული კვლევა და განვითარება ყურადსაღებია თუ არა?

თითქმის გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული სისტემა ფასების ზრდას გამოიწვევს, რადგანაც მას სრულიად აკლია ის გამჭვირვალობა, კარგ ბაზრებს რომ სჭირდებათ. წამლების კომპანიები იძულებულნი არიან, პაციენტთა მცირე პოპულაციებზე კონცენტრირდნენ, ვინაიდან არაერთი გავრცელებული დაავადებისთვის – დიაბეტის, გულის დაავადებისა თუ დეპრესიისთვის – ახლა ძალიან ეფექტიანი და საოცრად იაფი გენერიკული მედიკამენტებია ხელმისაწვდომი (აშშ-ში წამლების 80% გენერიკულია).

გარდა ამისა, ისინი, ვინც წამლებში ფულს იხდის, ამ წამლის რეალური მომხმარებლები კი არ არიან, არამედ დამქირავებლები და სადაზღვევო კომპანიები, რეალური ფასები კი არავინ იცის. მოლაპარაკების ძალაუფლება სადაზღვევოებისა და ფარმაციის ბენეფიტების ისეთი მენეჯერების ხელშია, როგორიც Express Scripts-ი (წლიური გაყიდვები: $100 მილიარდი) და CVS Caremark-ია ($140 მილიარდი); ისინი წყვეტენ, რომელი წამლის ხარჯები უნდა დაიფაროს მთლიანად და რამდენ პაციენტს დაუფარონ ხარჯის ნაწილი.

ხანდახან, მედიკამენტების უკეთესი პოზიციონირების მიზნით, წამლის კომპანიები ამგვარ ფირმებს 60%-იან ფასდაკლებებსაც კი სთავაზობენ, მაგრამ ეს, თავის მხრივ, კომპანიებს აიძულებს, გაზარდონ ფასები, სადამდეც შეუძლიათ, რათა ფასდაკლებები აინაზღაურონ.

მართალია, ეს სისტემა შეუღწევადი და აბურდულია, მთლად სარგებელს მოკლებულიც არ არის. 2014 წელს კონგრესმა Gilead Sciences-ის საქმიანობის გამოძიება დაიწყო, ვინაიდან მან C ჰეპატიტის მედიკამენტის, Sovaldi-ს, სამკურნალო კურსი $84,000-ად დააფასა. მაგრამ ეს წამალი და მისი მემკვიდრე Harvoni, რომელიც დღეში ერთი აბი მიიღება, საოცრად ეფექტიანია და 90%-ზე მეტი პაციენტის განკურნებაში მიუძღვის წვლილი. როცა კი მეტოქე გამოუჩნდათ (AbbVies წამალი, Viekira Pak-ი), Gilead-მა წამლის გაყიდვების 40%-ის ანაზღაურება დაიწყო. 300,000-ზე მეტი ამერიკელი დღეს ამ ვირუსისგან განკურნებულია, მათ შორის „მაშველების“ ყოფილი მსახიობი, პამელა ანდერსონი. ეს გარემოება, მომავალში, ღვიძლის გადანერგვის შემცირებულ მაჩვენებელში აისახება. რაც შეეხება საწყის ფასს, Gilead-ს, პრაქტიკულად, სხვა გზა არც ჰქონდა: იცოდა, რომ კონკურენცია გარდაუვალი იყო.

ყველაზე დიდი პრობლემა ახალი ძვირად ღირებული წამლები კი არა, ძველი წამლების ფასების განახლებაა და აქ მხოლოდ ისეთებს არ ვგულისხმობთ, მარტინ შკრელიმ ან Valeant-მა რომ იყიდეს. „არაა ახალი კვლევები. არაა ინოვაცია. მხოლოდ გაზრდილი ფასები წამლებზე“, – ამბობს Express Scripts-ის სამედიცინო დირექტორი, სტივ მილერი. მისი კომპანიის მონაცემების თანახმად, 2008 და 2014 წლებს შორის ბრენდირებული წამლის საშუალო ხარჯი 127%-მდე გაიზარდა.

აშშ-ში წამლის ყველა კომპანიას ფასების ზრდა ხშირად ინფლაციაზე უფრო მაღალ მაჩვენებლებზე აჰყავს. Biogen-ის Avonex-ი – 1996 წელს შემოტანილი წამალი გაფანტული სკლეროზისთვის – თითქმის ისეთივე ეფექტიანია, როგორიც მისი მეტოქეები, Teva-ს Copaxone-ი და Merck Serono-ს (ამერიკულ Merck-ში არ აგერიოთ) Rebif-ი. მაგრამ კონკურენციამ ფასები როდი დასწია ქვემოთ. ინდუსტრიის ანალიტიკოსთა თანახმად, Avonex-ის ოფიციალური ფასი 2005 წელს $16,000 იყო, მაშინ როცა დღეს $70,000 ღირს და, შესაბამისად, ისეთივე ძვირი გამოდის, როგორიც გაფანტული სკლეროზის ახალი, უფრო ეფექტიანი წამლები. ასეთი სურათი თავისუფალი, გამჭვირვალე ბაზრისგან უდავოდ გასაკვირი იქნებოდა.

როგორ ხდება ეს? ბაზარზე, სადაც სულ რამდენიმე წამალი და რამდენიმე მყიდველი არსებობს, რომელთაგან თავისი ჯიბით არც ერთი არ იხდის, ფასების კონკურენცია უკუღმა მუშაობს. აიღეთ, მაგალითად, Novartis-ის Gleevec-ი – პირდაპირი მნიშვნელობით სასიცოცხლო აბი, რომელიც მომაკვდინებელ სიმსივნეს, ქრონიკულ მიელოგენურ ლეიკემიას ამარცხებს. ეს წამალი 2001-ში შემოვიდა და პაციენტზე წელიწადში $24,000 ჯდებოდა. მერე, 2006-ში, Bristol-Myers Squibb-მა ბაზარზე სხვა წამალი გამოიტანა. ეს წამალი გახლდათ Sprycel-ი და იმ პაციენტებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებზეც Gleevec-მა არ იმოქმედა.

როცა Novartis-მა Gleevec-ის მემკვიდრე შექმნა, შეფუთა (თავდაპირველად), როგორც იმ პაციენტებისთვის გამიზნული, რომლებიც Sprycel-ით მკურნალობდნენ. ამდენად, ამ წამალს ისეთი ფასი დაადო, Sprycel-ისთვის რომ გაეწია მეტოქეობა, ხოლო Gleevec-ის ფასი გაზარდა. შედეგად, Gleevec-ი დღეს წელიწადში $90,000-ზე მეტი ჯდება.

წამლის კომპანიათა უფროსობა ფასების ზრდის დამცველად გვევლინება. „როცა წამალი ბაზარზე გაგაქვს, შედარებით მცირე მონაცემთა ბაზა გრჩება – განაცხადა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იენ რიდმა ჯანდაცვის სამიტზე. – როცა მასში ინვესტირებას განაგრძობ და როცა ის უკვე ბაზარზეა, მისი მოხმარების ახალ სფეროებს ადგენ, ახალ დანიშნულებებს, და უკვე ხედავ მის ღირებულებას. წამალს ფასი ღირებულების მიხედვით უნდა დაადო. იმიტომ რომ, ბაზარი ასე მუშაობს. სწორედ ასე ქმნი ფონდებს კვლევისთვის“. 

მაგრამ სიტუაცია არასტაბილურად გამოიყურება, განსაკუთრებით – კიბოს წამლებისთვის. 2006 წელს, Genentech-ის Avastin-ს მიეცა სანქცია, რომ ფილტვის კიბოს დროს უფრო დიდი დოზებით უნდა გამოყენებულიყო, ვიდრე მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში. ეს უფრო მაღალ ფასსაც ნიშნავდა. საზოგადოებრივი პროტესტის შესაკავებლად, Genentech-მა ფასის მაქსიმალურ ზღვრად $55,000 დააწესა. Keyturda – Merck-ის კიბოს წამალი, რომელმაც, როგორც ცნობილია, ჯიმი კარტერის სიმსივნე გააქრო – წელიწადში პაციენტზე $150,000 ჯდება. მეცნიერები თანხმდებიან, რომ მომავალში ამ ტიპის წამალთა კომბინირება გარდაუვალია. ჰოდა, აბა, როგორ უნდა გავწვდეთ, თუ თითოეულ მათგანს Lamborghini-ს ფასი ექნება?

„არ ვიცი, ეს ერთი წლის ამბავია, ორის თუ ხუთის, მაგრამ ბოლოს მაინც ხელმისაწვდომობასა და ინოვაციაზე დადის ყველაფერი, – ამბობს GlaxoSmithKline-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ ვიტი. – ბალანსი უნდა ვიპოვოთ. არ ვიცი, რა არის პასუხი. მაგრამ გონივრული დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს“.

forbes.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …