დასაქმება საქართველოში ყველაზე მტკივნეულ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება. საქართველოს მთავრობამ საკითხის შესწავლა სპეციალური კვლევის მეშვეობით დაიწყო და შედეგებიც გამოაქვეყნა.
„შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის თვისებრივი კვლევის“ საფუძველზე მეტ-ნაკლებად დადგინდა, თუ რომელია მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში. ბარმენი, გამყიდველ-კონსულტანტი, გიდი, ზეინკალი, კალატოზი ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის ლიდერობენ. ამ ხელობის ადამიანებს ქართულ შრომით ბაზარზე დასაქმების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგადაც გამოიკვეთა ის პროფესიები, რომლებიც კადრების ნაკლებობას ყველაზე მეტად განიცდიან.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი გამყრელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ამ კვლევის საფუძველზე ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის, სადაც სამუშაოს მაძიებელს, დამსაქმებელს და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება.
„შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კლევა“ 2015 წელს ჩატარდა. კვლევა იყო რეპრეზენტაბელური, რადგან მოიცვა საქართველოს 11-ვე რეგიონი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დასაქმების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. რაც არცთუ ისე დიდია.
ბოლო 12 თვის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 49 ათასი ერთეულით, ანუ შეიქმნა 49 ათასი სამუშაო ადგილი, შემცირდა 40 ათასი სამუშაო ადგილი. ანუ სხვაობამ 1% შეადგინა. შრომით ბაზარზე ყველაზე მეტი ორგანიზაცია წარმოდგენილია ვაჭრობის სექტორიდან, 24 ათასი სუბიექტი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი უჩივის კადრების კვალიფიკაციას“, – აღნიშნა გიორგი გამყრელიძემ.
ჯანდაცვის სამინისტრომ იმ პროფესიათა ნუსხაც გამოაქვეყნა, რომლებზეც სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს მოკლევადიან მომზადება-გადამზადებას:
ავტომობილის დიაგნოსტიკოსი; ავტომობილის ზეინკალი; ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი; ამწის მემანქანე; ბარმენი; ბაღის დიზაინერი; ბუღალტერი; გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე; გამყიდველ-კონსულტანტი; გიდი; დურგალი; ელექტრიკოსი; ელექტრომექანიკოსი და ა.შ.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს.
„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დასრულდა შრომის ბაზრის კვლევა, გამოიკვეთა სუსტი წერტილები თუ რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილდნენ სამუშაოს მაძიებლები. ხშირად დამსაქმებლისთვის კვალიფიკაცია არასაკმარისია. გამოიკვეთა მოთხოვნადი პროფესიები და მთავრობას აქვს გეგმა, თუ როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს, რომ გადამზადნენ, შეიძინონ ახალი პროფესიები და გახდნენ მოთხოვნადი ბაზარზე, გარდა ამისა, დავეხმაროთ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, რეფორმის სტრუქტურა საკმაოდ რთულია, თუმცა ხელისუფლებამ უკვე უტყუარად იცის, თუ რა არის მოთხოვნადი პროფესიები.
„შეიქმნა მოდულები ამ პროფესიებში გადამზადებაში. შეიქმნა ინსტრუმენტები, რომლითაც ჩვენ პროაქტიულად აღმოვაჩენთ ამ პროფესიაში გადამზადების მსურველებს, გადავამზადებთ და დავეხმარებით, რომ იმ დამსაქმებელმა, რომელმაც მოგვაწოდა მოთხოვნა ამ პროფესიებზე, ჩართული იყოს გადამზადების პროცესში. ანუ მაქსიმალური შანსი მიეცეთ სამუშაოს მაძიებლებს, რომ გახდნენ მოთხოვნადები ბაზარზე და მარტივად დაიწყონ მუშაობა“, – განაცხადა მინისტრმა.