ფარმაცევტულ პროდუქტებზე მოთხოვნა მათი გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე სულ უფრო მზარდია.
მიიჩნევა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მოსახლეობის მხრიდან წამლებზე გაწეული დანახარჯები, რასაც გარკვეულწილად არასასურველი სოციალური ფონიც განაპირობებს.
ფარმაცევტულ კომპანიებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოცემა Bpn.ge შეეცადა გაერკვია, რომელი მედიკამენტია ყველაზე მოთხოვნადი საქართველოში. როგორც გაირკვა, ყველაზე მოთხოვნადი და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების ნუსხა 220 დასახელების პრეპარატისგან შედგება, პირველი ათეული ასე გამოიყურება:
• ენაპი-H
• დეტრალექსი
• დიაბეტონი MR
• პრესტანსი
• ალბუმინი
• რეცეპტნი
• ნო-შპა ტაბ
• კლექსანი
• ვანსეარი დუო
• პრედუქტალი MR.
აღნიშნული კვლევის შედგების შეფასება “საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების” აღმასრულებელ მდივანს არჩილ მორჩილაძეს ვთხოვეთ. მისი განცხადებით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ერთერთი რეკომენდაციით, უნდა გაუქმდეს მედიკამენტების ნებაყოფლობით რეგისტრაციის რეჟიმი. ვინაიდან ეს გამიჯნავს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და სამკურნალწამლო საშუალებებს.
„ამით ზოგადად შემცირდება მედიკამენტებზე დანახარჯები. ამის დასტურია ისიც, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით ყველაზე ხშირად დანიშნულ მედიკამენტებს შორის მეორე ადგილზე არის არა სამკურნალწამლო საშუალება, არამედ ბიოლოგიურად აქტიური დანამატი – დეტრალექსი (დიოსმინი). აღსანიშნავია, რომ იგი ევროკავშირსა და აშშ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატადაა აღიარებული.
დღეისათვის დეტრალექსის როგორც წამლის მოქმედება კლინიკური კვლევებით ვერ დასტურდება, მაშინ როცა საქართველოში იგი წამლადაა რეგისტრირებული. ასევე აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცის შემდეგ მედიკამენტის წარმომადგენლობამ მიიღო უფლება რეკლამაც კი გაეშვათ ტელევიზიით. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი რეკლამა ბადზე, სადაც კონკრეტული ნოზოლოგიის მკურნალობაა მითითებული, იკრძალება.