ჯანდაცვის სამინისტროს და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამ მსხვილ საავადმყოფოს შეეხება, დასასრულს მიუახლოვდა.
ბოლო ეტაპზე გასულია ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP.
ტენდერი გამოცხადებულია თბილისის სამ კლინიკაზე: რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მირიან წიკლაური მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მძლავრი სამედიცინო ბაზა, ხოლო მასში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელი ფაქტორია:
„ევროპული კომპანიის მონაწილეობა საქართველოში ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამ საავადმყოფოების სრულყოფილი რეკონსტრუქცია შექმნის მძლავრ ბაზას, რათა ბაზარზე თანამედროვე სტანდარტები დამკვიდრდეს, ჯანდაცვის სისტემაში კი გაიზარდოს სახელმწიფოს როლი.
მე მომხრე ვარ, რომ სახელმწიფოს როლი ჰოსპიტალურ სექტორში უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რათა მოხდეს სტანდარტების და ფასების რეგულაცია, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება. ამ შემთხვევაში ეს პროექტი განხორციელდება პპპ მოდელით, ანუ კერძო კომპანიასთან ერთად მასში სახელმწიფოც ჩაერთვება. სწორედ ამით არის იგი მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს როლი იზრდება, თან კერძო სექტორთან ერთად შემოდის ბაზარზე, რაც ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია.
მნიშვნელოვანწილად, სწორედ სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს იმ სტანდარტებს, რომლითაც იმართება ჯანდაცვის სისტემაში არსებული დაწესებულებები და ფასები, რასაც იგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იხდის“.
მირიან წიკლაურის აზრით, მძლავრი სამედიცინო ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს საქართველოდან პაციენტების საზღვარგარეთ გადინების შეჩერებას:
„მძლავრი სამედიცინო ცენტრის არსებობა საქართველოში ხელს შეუწყობს, რომ საზღვარგარეთ აღარ წავიდნენ ჩვენი თანამემამულეები სამკურნალოდ. ის თანხები, რაც საქართველოდან გაედინება, მათ შორის, ბიუჯეტიდანაც, რომლითაც ფინანსდება საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების მკურნალობა, საქართველოში დარჩება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე, ჯანდაცვის თვალსაზრისითაც“.