მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ და ძვირადღირებულ წამლებს უწერენ
ფაქტია, რომ არცთუ იშვიათად ქართველი ექიმები ორიენტირებულნი არიან არა პაციენტზე, არამედ საკუთარ კომერციულ ინტერესზე. ამის სავალალო შედეგები კი უკვე სახეზეა.

ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ და ძვირადღირებულ წამლებს უწერენ

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში წამლების ჭარბად მიღება ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა.ექიმთან პრაქტიკულად ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რამდენიმე მედიკამენტის გამოწერით მთავრდება.

ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც წამლის მიღება მხოლოდ გართულების შემთხვევაშია დასაშვები, საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოდ გაუარესების შემთხვევაშიც კი ექიმი პაციენტს კლინიკიდან პირდაპირ აფთიაქში აგზავნის წამლების საკმაოდ გრძელი ჩამონათვალით.

სპეციალისტების თქმით, ეს ადამიანების არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა დარტყმას აყენებს ზოგადად ექიმების იმიჯსაც, რადგან მათ არაპროფესიონალიზმსა და სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ.

ფაქტია, რომ არცთუ იშვიათად ქართველი ექიმები ორიენტირებულნი არიან არა პაციენტზე, არამედ საკუთარ კომერციულ ინტერესზე. ამის სავალალო შედეგები კი უკვე სახეზეა. ფარმაცევტული კომპანიების კარნახითა და მოტივირებით ხშირ შემთხვევაში ექიმები პაციენტს იმაზე მეტ და ძვირ წამლებს უწერენ, ვიდრე საჭიროა.

ეს პრაქტიკა ახლა პაციენტებისა და სადაზღვევო კომპანიების ბიუჯეტს აზარალებს, იმ შემთხვევაში კი, თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტიც ჩაერთვება, სერიოზულ ზარალს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი.

სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ საქართველოში ექიმებს უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე და მედიკამენტის კლინიკურ კვლევებზე ხელი არ მიუწვდებათ, ამიტომ ხშირად ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო არის წამლის რეალიზაციით დაინტერესებული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც არცთუ იშვიათად მედიკამენტის გამოწერის სანაცვლოდ ექიმებს ფინანსურ დაინტერესებას სთავაზობს.

ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს “საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება,” რომელმაც ამ საკითხზე კვლევა ჩაატარა და მისი მოგვარების რეკომენდაციებიც დადო.

ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექიმმა პაციენტს დღეში მისაღებად 13 აბი და დამატებით მალამო გამოუწერა. ხშირია 7–დან 11–მდე მედიკამენტის დანიშვნის ფაქტებიც, მეტიც: ზოგჯერ ექიმს პაციენტისთვის ერთი და იგივე ჯგუფის რამდენიმე მედიკამენტიც კი დაუნიშნავს. კიდევ ერთი პარადოქსია, რომ საქართველოში არაერთი ჯენერიკი ორიგინალ წამალზე ძვირი ღირს.

კვლევის შედეგების საფუძველზე, ექიმებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ როდესაც ნიშნავენ ანალოგს, მიაქციონ ყურადღება ფასს, რადგან, როგორც არჩილ მორჩილაძე ამბობს, ქართული ფარმაცევტული ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში ანალოგი ორიგინალზე ძვირი ღირს.
მორჩილაძე ამბობს, რომ კონტროლის ერთადერთი მექანიზმია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და წამლის გამოწერის მკაფიო სტანდარტის განსაზღვრა, რის შემდეგაც ისინი მედიკამენტების დანიშვნაში საკუთარ ინტერესს ვეღარ ჩადებენ.

„ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ პროტოკოლით, რა შემთხვევების დროს რა მედიკამენტით უნდა მოხდეს მკურნალობა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა თუ განხორციელდება, უწყვეტი სამედიცინო განათლება უზრუნველყოფილი იქნება, პირველ რიგში მათი კომპეტენცია ამაღლდება და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება, შესაბამისად ინტერესის ჩადება აშკარა გახდება და წამლის გამოწერის პროცესში ეს ფაქტორი ვეღარ ჩაიდება,“– აცხადებს მორჩილაძე.

მისი თქმით, ეს თავად ექიმებსაც მეტად დაცულს გახდის. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებაც ყურადღებით მოეკიდოს ამ თემას.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მორიგ სხდომაზე იქნა მიღებული, ისინი ასე გამოიყურება:

  • ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ ფორმა N IV- 100-ში მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.
  • არაორიგინალი პრეპარატების მიღებისას რეკომენდაცია მიეცეს ექიმს , პრეპარატების გამოწერისას ყურადღება მიაქციონ მის ფასს, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში(ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე) ჯენერიული ანალოგი პრეპარატის ფასი აღემატება ორიგინალის ფასს.
  • მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადახედონ ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები.
  • მოხდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა და მასში განსაკუთრებით გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …