შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელზა ჯგერენაია შრომის პირობების ინსპექტირების 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის შედეგებზე პრეზენტაციას წარადგენს და შეხვედრის მონაწილეებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის მომზადების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
გარდა ამისა, მხარეები შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ იმსჯელებენ, რომლის ფარგლებშიც ინსპექტორები დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციაში, გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალურ რეფორმების საჭიროებების განსაზღვრაში დაეხმარებიან.
ცნობისთვის, შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა 2015 წლის ივლისიდან დაიწყო. ინსპექტირება 78 კომპანიის 115 ობიექტში ჩატარდა. რე-მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიებმა გაცემული რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გაითვალისწინეს.