jandacva.ge-ის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით შეხვედრა გამართა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ.
ლაშა კილაძე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში მეტად აქტუალურ საკითხს, რაც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ეხება.
„მე ვარ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე კანონის ლიბერალიზაციის მომხრე. კანონმდებლობა უნდა გახდეს გაცილებით ლიბერალური, მაგრამ ეს ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს კონკრეტული რისკების გათვლაზე. დავთვალოთ რისკები, ჩავატაროთ კვლევები და შევხედოთ მდგომარეობას. ჯობია, დავკარგოთ თვეები, თუნდაც ერთი წელი, მაგრამ ამ ერთი წლის შემდეგ ადეკვატური კანონმდებლობა მივიღოთ, დაფუძნებული იმ რეალობაზე, რაც გვაქვს“, – განაცხადა ლაშა კილაძემ.
ამასთან კილაძემ, მარუხიანას დეკრიმინალიზაციის თანმხლებ რისკებზეც გაამახვილა ყურადღება.
,,რეალურია რისკი, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შედეგად, ის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობის ფართო ფენებში და მოიცავს ყველაზე მოწყვლად, ფსიქიკურად ჩამოუყალიბებელ ფენას – ბავშვებს და მოზარდებს. ამასთან, აუცილებლად დაჭირდება რეგულაციები მოწოდების ბაზარს. ძალიან ხშირად, დეკრიმინალიზაციისა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მომხრეები არ ითვალისწინებენ იმ ტენდენციებს, რაც ამ შემთხვევაში განვითარდება შავ ბაზარზე.
ჰიპოთეტურად ვამბობ, თუ მარიხუანას მოხმარებას არ გავხდით დასჯადს, ეს გამოიწვევს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას და შავი ბაზრის გააქტიურებას.
ჩვენ კვლავინდებურად მკაცრი რეგულაციები გვექნება მარიხუანას შენახვა-რეალიზაციასთან დაკავშირებით და ლიბერალური იქნება კანონმდებლობა მოხმარებასთან დაკავშირებით. მცირე დოზით მარიხუანას მიღება არ არის კრიმინალი. თუმცა აუცილებელია დაწესდეს ზღვარი.“- აღნიშნავს ლაშა კილაძე.