ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა კილაძე jandacva.ge-ის პრესკლუბში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტპორტალ jandacva.ge-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე საუბარი იმ სიახლეებს შეეხო, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, როგორც საკნაონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოში. აუდიენციისას, ასევე ისაუბრეს კვლევებზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რეცეპტის ინსტიტუტის შემოღების მიუხედავად, საქართველოში სააფთიაქო ნარკომანიის თემა კვლავ აქტუალურია.
“ქვეყანაში წარმატებით აგრძელებენ ფუნქციონირებას ისეთი აფთიაქები, რომლებიც ურეცეპტოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გასცემენ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებს. დღეს არსებული კანონით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე, 6 ათასი ლარით ჯარიმდება, მეორე შემთხვევაში – 12 ათასი ლარით, მესამე სამართალდარღვევაზე კი, აფთიაქის გაუქმება ხდება.
თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა აფთიაქის მეპატრონეს საშუალებას აძლევს, ხელახლა დარეგისტრირდეს ამჯერად უკვე ახალი სახელით და ახალი აფთიაქი გახსნას. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამუშავების პროცესშია, სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოფხრას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა კილაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გასული წლის დასაწყისში, პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე სახელმწიფოს მიერ კონტროლი გამკაცრდა, აკრძალული ექვსი ნივთიერების იმპორტი ქვეყანაში 70%-ით შემცირდა, თუმცა ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა ამით არ მოგვარებულა.
“აკრძალული პრეპარატების გაყიდვის გამო, გასულ წელს, რამდენიმე ათეული აფთიაქი დაჯარიმდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მუშაობის ტემპი კარგია, მაგრამ ადამიანური რესურსის ნაკლებობაა. გვაქვს ინფორმაცია, რომ არის რამდენიმე ცნობილი აფთიაქი თბილისში, სადაც აკრძალული პრეპარატები თავისუფლად იყიდება. რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო. იმ აფთიაქებს, რომლებშიც აკრძალული პრეპარატების გაყიდვა დადასტურდება, ვაჭრობის ლიცენზია უნდა ჩამოერთვას, აეკრძალოს საქმიანოა რაღაც დროით”, – აღნიშნა კილაძემ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გარდა პრეპარატების აკრძალვისა, სახელმწიფომ იმ ადამიანებზეც უნდა იფიქროს, რომლებიც დამოკიდებულები არიან ამ ნივთიერებებზე. ამ მხრივ, კილაძის თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ გამოინახოს გზა, როგორ შეიძლება დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს.
“ჯანდაცვის კომიტეტი ექსპერტებსაც შეხვდა პარლამენტში და ამ მხრივ მუშაობა დაწყებულია. შედეგები ალბათ, მალე გვექნება. ვაპირებთ კვლევების ჩატარებასაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომლის შედეგები ალბათ უახლოეს პერიოდში გვექნება”, – განაცხადა კილაძემ.