მთავარი » დაზღვევა » კლინიკებს გეგმიური სამედიცინო შემთხვევები გადაუდებელში გაყავთ
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კლინიკების მხრიდან არის მცდელობები გეგმური შემთხვევები გადაიყვანონ გადაუდებლად, ვინაიდან ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა.

კლინიკებს გეგმიური სამედიცინო შემთხვევები გადაუდებელში გაყავთ

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკების მხრიდან არის მცდელობები, რომ გეგმური შემთხვევები გადაიყვანონ გადაუდებლად, ვინაიდან ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა.

ასე ეხმაურება სერგეენკო არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საავადმყოფოები დაზღვევასთან დაკავშირებით თანხებს ბერავენ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მიღწევაა.

“შარშან მთელი წელი ვისმენდით, რომ პროგრამა შეიძლებოდა გაჩერებულიყო, მაგრამ შეფერხება არ ყოფილა და იგივე იქნება წელს”, – აღნიშნა სერგეენკომ.

რაც შეეხება კლინიკებზე კონტროლის შესაძლო გამკაცრებას, დავით სერგეენკო განმარტავს, რომ კონსტროლის მექანიზმი და მონიტორინგი უკვე 2013 წლიდან ხორციელდება, თუმცა იდეალური სისტემა არ არსებობს.

“ის, ვინც რაიმე სერვისებში იხდის თანხას, მანვე მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ თანხის მიზნობრიობა. ეს არის იმ რიგის პრობლემა, რომელიც მეტნაკლებად საერთოა ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ჩვენს შემთხვევაში, რადგან ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა, გადაუდებელი მკურნალობა100 %-ით ფინანსდება, ხოლო გეგმური 70 ან 80%-ით, არის ხოლმე მცდელობები კლინიკების მხრიდან, რომ მათ გეგმური შემთხვევები გადაიყვანონ გადაუდებლად. ასეთი შემთხვევები ცნობილი ფენომენია. ამისათვის ჩადებულია დაცვისთვის სამმაგი ეშელონი, თუმცა იდეალური სისტემა არ არსებობს”, – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, არასწორად შევსებული დოკუმენტაციის შემთხვევაში სამინისტრო ან თანხას საერთოდ არ იხდის, ან თანხის მინიმუმ 10 %-ით ჯარიმდება დაწესებულება.

“რაც შეეხება კონტროლის მექანიზმის გამკაცრებას. 36-ე დადგენილებაში ამ სამი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ცვლილება შევიდა და თითოეული მათგანი მიმართული იყო იმისკენ, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული არამიზნობრივი ხარჯები. სამწუხაროდ ხშირი შემთხვევებია, შეიძლება ასეულობით, როცა პაციენტის მკურნალობის დოკუმენტაციას არასწორად გვაწვდიან და ამ დოკუმენტაციაზე თანხას არ ვრიცხავთ, საუბარია დაახლოებით მოწოდებული დოკუმენტაციის 5%-ზე”, – განმარტა მინისტრმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …