დღეს შრომის მონიტორები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიასთან, შრომისა და დასაქმების პილიტიკის დეპარტამენტის უფროსთან ელზა ჯგერენაიასთან და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, „ბარამბოს“ ქარხნის თანამშრომელთა შრომის პირობებს გაეცნენ.
სამინისტროს წარმომადგენლები თანამშრომლებსაც გაესაუბრნენ და პირადად შეაფასეს მათი სამუშაო გარემო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ბარამბოს“ ქარხანა უკვე 42-ე საწარმოა, სადაც შრომის მონიტორები იმყოფებოდნენ. ისინი დეტალურად შეისწავლიან ქარხნის სამუშაო პირობებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ კი ინსპექტორები ქარხანაში განმეორებით ვიზიტსაც განახორციელებენ.
შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში. შრომის ინსპექცია ახდენს პრევენციას სამუშაო ადგილზე მიღებული დაზიანებებისგან და შემდგომ უკვე საკომპენსაციო ხარჯისგან.
წლის ბოლომდე 150-ზე მეტი კომპანია შემოწმდება, რაც საშუალებას მოგვცემს ამ მიმართულებით გარკვეული სურათი გამოიკვეთოს.