საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ მდივანი დავით დარცმელიძე ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ეხმაურება:
„სამწუხაროდ, არ ვარ კომპეტენტური, ამ თემაზე კომენტარი გავაკეთო. თუმცა „ჰუმანითი ჯორჯია“ თუ კეთილსინდისიერად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მას აქვს აღებული, ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ახალი მოთამაშის შემოსვლა ბაზარზე მხოლოდ პოზიტივია.
თუ ეს კომპანია შემოიტანს დაბალი ხარისხის მედიკამენტებს, ცხადია, ამას ნამდვილად არ მივესალმები. უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი“, – განაცხადა დავით დარცმელიძემ.
მან ისაუბრა იმ ბრალდებების შესახებაც, რომელიც კომპანიის ბაზარზე გამოჩენას მოჰყვა:
„ალბათ, სათანადო არგუმენტები ჰქონდათ, როცა საზოგადოების ერთმა ჯგუფმა საუბარი დაიწყო „ჰუმანითი ჯორჯიას“ დაბალხარისხიან მედიკამენტებზე. მე ვერ გეტყვით ზუსტად, რომელი მედიკამენტია ხარისხიანი, რომელი – უხარისხო. ზოგადი საუბარი გამიჭირდება, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. სულ მალე გამოჩნდება, ამ კომპანიის მიერ შემოტანილი პრეპარატები ხარისხიანია, თუ ბრალდებები სწორი იყო“, – მიიჩნევს დავით დარცმელიძე.