თბილისის “დინამოს” ფეხბურთელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საფეხბურთო გუნდის ბაზაზე უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ.
აქციას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრო და შემოწმება ფეხბურთელებთან ერთად გაიარა.
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო და გრძელდება. მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაერთონ ამ აქციაში, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, სკრინინგის მიზანია, რომ საზოგადებას C ჰეპატიტზე შემოწმების საშუალება მიეცეს და გამოვლინდნენ ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ დაავადების მატარებლები არიან.
ქვეყანაში მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინიაციის უნიკალური პროექტი. ჩვენ ვეძებთ C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს. ძალიან კარგია, რომ “დინამოს” ფეხბურთელები ასე აქტიურად ჩაერთვენ ამ პროგრამაში და დარწმუნებული ვარ რომ მოუწოდებენ სხვებსაც. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, გაიარონ შემოწმება ჩვენს ცენტრებში, გამოიკვლიონ თავი. C ჰეპატიტი არ არის ის დაავადება, რომელიც არ ინკურნება და თუ მათ აღმოაჩნდებათ ეს დაავადება, ვეცდებით ჩავსვათ პროგრამაში. ძალიან მნიშვნელოვანია რც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს სკრინინგი”, – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
უფასო სკრინინგის აქციას თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია, ფეხბურთის ფედერაციის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დაესწრენ.