“საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლისადმი ძალიან მოძველებული მიდგომაა”, . ჯანდაცვის კონსულტანტმა თინა ტურძილაძემ საქართველოში წამლების კონტროლისა და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებში მედიკამენტების კომპონენტის გათვალისწინების საკითხზე ისაუბრა.
ტურძილაძის თქმით, არის რისკი იმისა, რომ ქართულ ბაზარზე იყოს ხარისხის და უსაფრთხოების რისკის მქონე წამლები.
„წამლის სახელმწიფო კონრტოლი რეგლამენტირებულია წამლის კანონით. ამისთვის არსებობს სახელმწიფო კონტროლის პროგრამა. ეს ყველაზე დაბალბიუჯეტიანი სახელმწიფო პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 100 ათასი ლარია. ამ პროგრამის ფარგლებში არის დაგეგმილი ქართულ ბაზარზე ცირკულირებული წამლების ხარისხის შემოწმება.
პროგრამა, რა თქმა უნდა, ხარვეზიანია, არამარტო ბიუჯეტის გამო, არამედ, ზოგადად, რამდენადაც მისი კრიტერიუმები სრულიად გაუგებარია. იქ საუბარია, რომ შესყიდული წამლის მხოლოდ 10%–ის შემოწმება უნდა მოხდეს ლაბორატორიულად, დანარჩენი მხოლოდ ვიზუალურად უნდა იქნას შეფასებული, რასაც ე.წ. საქონელმცოდნეობით ექსპერტიზას ვუწოდებთ.
დღეს, ციფრული ტექნოლოგიის პროცესში საქონელმცოდნეობითი პარამეტრებით ფალსიფიცირების აღმოჩენა ძალიან რთულია, რადგან შეიძლება ძალიან მაღალტექნოლოგიურ დონეზე იყოს პრეპარატი შეფუთული და ის სულაც არ იყოს მისი ხარისხის გარანტი. ეს არის ძალიან მოძველებული მიდგომა წამლის ხარისხის კონტროლისადმი. ზოგადად თანამედროვე მსოფლიოში ასეთი გზით არ ეძებენ და არ ნახულობენ პრობლემურ წამლებს.
ასეთი წამლების მოძიება არ არის მხოლოდ ლოკალური პრობლემა, ეს ფარმაცევტული ბაზრის გლობალური გამოწვევაა. დაუშვებელია, რომ ამ საერთო საქმეში საქართველო იყოს იზოლირებული მსოფლიოსგან. მას სჭირდება მაქსიმალური ინტეგრირება საერთაშორისო პროგრამებში. ასეთია ე.წ. მიკვლევადობის პროგრამის პროექტი, რომლის რეალიზაციაც დაწყებულია ევროპასა და ამერიკაში”, – აცხადებს ტურძილაძე.
მისი თქმით, 2012 წელს მომზადდა ინდიკატორები საქართველოს ამ პროგრამაში ჩასართველად, თუმცა, დღემდე პროექტი არ დაწყებულა.
„ვვარაუდობ, რომ სამინისტროს ახალი მენეჯმენტისთვის უცნობია ის სამუშაო, რომელიც მაშინ ჩატარდა და პრაქტიკულად მათ დახვდათ მოდულის სახით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. აქედან გამომდინარე, სხვა გზით რაც უნდა ბევრი წამალი იყიდონ, ისინი ვერ უზრუნველყოფენ ქართულ ბაზარზე წამლის ხარისხის გაუმჯობესებას. ქართული პროგრამა გამოწვევების ადექვატური არ არის.
2013 წელს გამოქვეყნდა ჯანდაცვის სისტემის შეფასების დოკუმენტი, რის შესაბამისადაც გაკეთდა ძალიან საინტერესო დასკვნა, რომ შერჩეული ინდიკატორებით ქართულ ბაზარზე ვერ შეფასდა წამლის ხარისხის უსაფრთხოება და ეფექტურობა. ბაზარზე, სადაც ეს მონაცემები არ იზომება, საფრთხე არის ძალიან მაღალი. რაც იმას ნიშნავს, რომ არის რისკი იმისა, რომ ქართულ ბაზარზე იყოს ხარისხის და უსაფრთხოების რისკის მქონე წამლები“, – მიაჩნია ექსპერტს.
თინა ტურძილაძე არსებული ვითარების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხარისხის კონტროლის სათანადოდ არაუზრუნველყოფილობა ზოგადად განვითარებადი ბაზრების პრობლემაა, რაც თავის მხრივ, მრავალკომპონენტიანი პრობლემაა.
“ზოგადად არ არსებობს იდეალური სტრუქტურა, რომელიც სრულად გამორიცხავს უხარისხო წამლის მოხვედრას ბაზარზე. თუ გვინდა, რომ ბაზარზე გარანტირებული გვქონდეს ხარისხი და ეფექტურობა, ამ შემთხვევაში საჭიროა წამალი კონტროლდებოდეს ყველა მაღალი რისკის უბანზე – წარმოება, დისტრიბუცია, ტრანსპორტირება, საცალო რეალიზაცია. გარდა ამისა, ჩვენ არ გვივარგა ერთჯერადი ლაბორატორიული ტესრირებაც. თუნდაც ეს გამოსწორდეს, საერთო გარანტიისთვის არ არის საკმარისი.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2015 წელს დაიდო, სადაც აღნიშნულია, რომ სისტემა მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, რაც უდავოდ ობიექტური დასკვნაა. წამლის ხარისხის გარანტია სრული ციკლის ზედამხედველობაა. ქვეყანას აქვს ძალიან მწირი ფინანსური და ტექნიკური, კვალიფიციური რესურსი. ამიტომ არ გვჭირდება ახალი ველოსიპედის მოგონება. ჩვენ გვჭირდება მოდიფიცირებული სისტემა იმისთვის, რომ აეწყოს კონტროლი. უნდა ვისარგებლოთ ამერიკისა და ევროკავშირის მოდელებით“, – აცხადებს ტურძილაძე.
იგი საუბარში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს იყო გადარჩენის სტრატეგია საქართველოს მოსახლეობისთვის.
„ამ პროგრამამ ბაზისურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. ამ ტიპის პროგრამას სჭირდება ხარჯების შეკავება. სხვანაირად ის ვერ განვითარდება, არადა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამაა მოსახლეობისათვის.ყველა ვარიანტში უნდა იზრუნოს მთავრობამ, რომ უზრუნველყოს მისი ფინანსური მდგრადობა, რისი ერთ–ერთი გარანტიც იქნება პირველადი ჯანდაცვის განვითარება.
პირველადი ჯანდაცვის განვითარება ერთ–ერთი პრიორიტეტია ხარჯების შეკავების კუთხით. პრევენცია უზრუნველყოფს იმას, რომ ნაკლები დანახარჯი იყოს. ხარჯების შეკავების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ წამლის კომპონენტი. ექიმს უნდა ჰქონდეს საშუალება, საჭიროების დროს, შეარჩიოს ყველაზე უფრო ექვივალენტური წამალი და მისცეს პაციენტს. პირველადი ჯანდაცვა წამლის სათანადო რეფორმის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა თინა ტურძილაძემ.