“საქნახშირსა” და მაღაროელებს შორის შეთანხმება შედგა – შეთანხმების თანახმად, კომპანია სახელფასო ფონდს 5 პროცენტით გაზრდის, რაც უშუალოდ მაღაროში მომუშავე მუშათა ხელფასის 5-10 პროცენტით ზრდას გამოიწვევს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად დანერგავს და განახორციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს; შეთანხმების პროცესში მონაწილეობდა ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.
ამ ფონზე “კომერსანტმა“ დასვა შეკითხვა, დაინტერესდა თუ არა შახტებში არსებული მდგომარეობით შრომის ინსპექცია.
„ქვანახშირით დატვირთულ ვაგონს მუშები ხელით აწვებიან, რადგანაც ლოკომოტივი ხშირად ფუჭდება, სპეცტანსაცმელი დროულად არ გაიცემა, არ მოწმდება დროულად მაღაროელების ჯანმრთელობა, ფეხით უწევთ კილომეტრების გავლა იმისთვის, რომ სამუშაო უბნამდე მივიდნენ“
– ეს არის ის პირობები, რომელში მუშაობაც ტყიბულელებს ყოველდღე უწევთ და რომელზეც „კომერსანტს“ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ესაუბრება. მისი თქმით, წლებია მუშებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე უწევთ.
ის, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების პრობლემა დღის წესრიგში მწვავედ დგას, სახელმწიფომაც აღიარა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების რიცხვი გაზრდილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2013 წელს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა 58 შემთხვევაში დაფიქსირდა, 2014 წელს კი 67 შემთხვევაში.
„დღის წესრიგში დადგა შრომის პირობების ინსპექტირების პროგრამის შემუშავების საკითხი, რომლის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს, შექმნას უსაფრთხო დაჯანსაღი სამუშაო გარემო.
შრომის ინსპექციას შეუძლია ყველა ამ პრობლემის პრევენცია და ამ გზით ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის, საწარმოო ტრამვების შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირებისა და პრევენციის, შრომის პროდუქტიულობის ზრდის, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას მექანიზმი შრომის ნორმების შესრულების საზედამხედველოორგანოს – შრომის ინსპექციის სახით“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც გასული წლის 18 თებერვლით თარიღდება.
სახელმწიფომ შრომის ინსპექცია შექმნა და ბიუჯეტიდან ამისთვის 4 მილიონი ლარიც გამოყო (2015 წელი). 2016 წელს კი ამ მიმართულებით 4 მილიონ 25 ათასი ლარია გამოყოფილი. თუმცა, რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ამ პერიოდის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია.
მაღაროელის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე მაღალრისკიანად მიიჩნევა, ამიტომ, საინტერესოა რატომ არ მოხდა ამ დრომდე ტყიბულის მაღაროში უსაფრთხოების ნორმების შემოწმება, მით უმეტეს, რომ შრომის ინსპექცია პრაქტიკულად უკვე 7 თვეა ამოქმედებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად ეფექტურად მუშაობს უწყება, რომლის დაფინანსებისთვისაც მილიონები იხარჯება?
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს, რომ შრომის ინსპექციის საქმიანობა ეფექტური ვერ იქნება, რადგანაც მის კომპეტენციაში სანქციების დაკისრება არ შედის. ალექსანდრია მიიჩნევს, რომ ასეთი უფლების გარეშე უწყების საქმიანობა შედეგისმომტანი ვერ იქნება.
„შემოწმება არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის. ეს არ არის სავალდებულო და თუ კომპანია არ გამოასწორებს მითითებულ დარღვევებს, ვერც ვერაფერს გააკეთებს მთავრობა. რეალურად ამ სამსახურს არანაირი ბერკეტი არ აქვს. არავის სჯერა, რომ ეს სერიოზულია, არაფერი აქედან არ გამოვა. როცა შემმოწმებელ ორგანიზაციას არ გააჩნია შესაბამისი რესურსი და მისი არ ეშინიათ, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ კომპანიებს მის მიმართ?!“,- აცხადებს გოჩა ალექსანდრია.
მისი თქმით, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ჭიათურის მაღარო შეამოწმეს, თუმცა არასრულად.
„ჭიათურის მაღაროში იყვნენ შემოდგომაზე, ერთ – ორ შახტაში იყვნენ მისულები. როგორც ჩემთვის ცნობილია, მათ დაათვალიერებინეს ე.წ. საჩვენებლი შახტა ანუ ისეთი, სადაც ერთგვარი გაუმჯობესება იყო. სულ 5 შახტაა და ერთში იყვნენ მარტო, სადაც ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა“,- აღნიშნავს გოჩა ალექსანდრია.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია კი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ტყიბულში შრომითი პირობების შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღეს, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო შემოწმება გადაიდო.
„ჩვენ დღესაც ვაპირებდით ჩასვლას, მაგრამ სამუშაო პროცესი არ არის და ვინ უნდა დაიკითხოს? როგორც კი სამუშაო პროცესი აღდგება, მზად ვართ, რომ შევამოწმოთ“,- განუცხადა გუშინ ელზა ჯგერენაიამ „კომერსანტს.“
მისივე თქმით, 7 თვის განმავლობაში შრომის ინსპექციამ 115 საწარმო შეამოწმა, საიდანაც 25 სახელმწიფო უწყება იყო, დანარჩენი კი კერძო სტრუქტურა. ელზა ჯგერენაიას ინფორმაციით, 115 საწარმოდან 55-ის რემონიტორინგი მოხდა და აღმოჩნდა, რომ მათმა უმრავლესობამ შრომის ინსპექციის რეკომენდაციები გაითვალისწინა – ზოგმა ნაწილობრივ, ზოგმა სრულად.
„საწარმო შემოწმდა ჭიათურაში, ასევე ზესტაფონში ფერო. მძიმე და მავნე სამუშაო პირობები და იყო შესაბამისად რეკომენდაციები იყო გაცემული. დადგინდა დარღვევები, მაგრამ ვერ დაგისახელებთ, რადგანაც ეს კონფიდენციალურია“,- აცხადებს ელზა ჯგერენაია.
კითხვაზე, რის მიხედვით არჩევენ საწარმოებს, სადაც შემოწმება უნდა ჩატარდეს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნაწილს თავად არჩევენ, ნაწილს პროფკავშირების რეკომენდაციით, ნაწილს კი სხვადასხვა გაცხადების საფუძველზე მოწმდება.