მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სოსო შატბერაშვილი : ჰუმანითი ჯორჯიას ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია დაირღვევა
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის განხორციელებას, - სოსო შატბერაშვილი.

სოსო შატბერაშვილი : ჰუმანითი ჯორჯიას ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია დაირღვევა

ქართულ სააფთიაქო ქსელებში „ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტები გამოჩნდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ჰუმანითი ჯორჯია“ ქართულ ბაზარზე წამლების, მინიმუმ, 30 %-ით გაიაფებას და ფარმაცევტული ქარხნის აშენებას გეგმავს. პროექტი საქართველოს მოსახლეობას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფს, მიაჩნიათ კომპანიაში.

„ჰუმანითი ჯორჯიას“ ქართულ ბაზარზე შემოსვლას გამოეხმაურა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი. მისი თქმით, ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენით მონოპოლია დაირღვევა.

„საქართველოში წამლის ფასი მაღალი იმიტომ არის, რომ ფასნამატი არის არა 100 %, არამედ, 300 და 400%. ეს ყველაფერი ხდება კარტელური შეთანხმების გამო, ძირითადად, „პე-ეს-პე“ -სა და „ავერსს“ შორის. ეს მონოპოლია თუ დაირღვევა, აუცილებლად შემცირდება წამლის ფასი. ახალი კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ამ პროცესს და მედიკამენტებზე ფასების დაწევას.

წამლები რომ სტაბილურად გაიაფდეს, ეს მონოპოლისტური კომპანიები უნდა გაუქმდეს. „პე-ეს-პე“-სა და „ავერსს“ უნდა აეკრძალოთ, როგორც წამლის შემოტანის, ასევე, საბითუმო და საცალო ვაჭრობის უფლება, ეს მათ მონოპოლისტურ მდგომარეობაში აყენებთ. რაც მეტი ახალი ფარმაცევტული კომპანია შემოვა საქართველოში, მით უკეთესი“.

სოსო შატბერაშვილმა ასევე ისაუბრა ინდური გენერიკი-პრეპარატების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ინდოეთიდან უნდა მოხდეს მხოლოდ მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტი.

„რაც შეეხება ინდურ გენერიკებს, აუცილებლად უნდა შეამოწმოს მათი ხარისხი ჯანდაცვის სამინისტრომ. ინდოეთი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან ადვილად შეიძლება მოხდეს ინდოელ მეწარმეებთან გარიგება, ინდოეთის ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს როგორც ძალიან მაღალი ხარისხის, ისე დაბალი ხარისხის პრეპარატებს, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ კონტროლი უნდა გაამკაცროს, რადგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის განხორციელებას,“-ამბობს შატბერაშვილი.

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …