მთავარი » კვირის ინტერვიუ » რეფორმები მიმდინარეობს მოქალაქეების აზრისა და საჭიროებების გათვალისწინებით
მოსახლეობის აზრის მოსმენა ჯანდაცვის სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმები უნდა მიმდინარეობდეს მოქალაქეების აზრისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

რეფორმები მიმდინარეობს მოქალაქეების აზრისა და საჭიროებების გათვალისწინებით

გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინსიტროს ერთობლივი ინიციატივის ,,რა გაწუხებთ“ შესახებ Jandacva.ge ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივან მანანა ნაჭყებიასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

ქ–ნო მანანა, 22 იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სოციალური კამპანია,, რა გაწუხებთ?“, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი გამოკითხვის ჩატარება ჯანდაცვის პოლიტიკის სრულყოფისა და ჯანდაცვაში არსებული პრობლემების გამოსავლენად?

აქტიურად ვადევნებ თვალს სოციალურ კამპანიას ,,რა გაწუხებთ“. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა. ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს საყოველთაო ჯანდაცვა, მაგრამ კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხვდება ხარვეზებსაც და მათ აღმოფხვრაზეც მუშაობს.

– თქვენი აზრით, რომელია ყველაზე სერიოზული პრობლემები, რომელსაც დღეისათვის ჯანდაცვის სისტემა აწყდება? 

როდესაც საქმე გვაქვს სახელმწიფო თანხებთან, ბუნებრივია, მისი კონტროლი ძალიან რთულდება. სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის კავშირის დროს ბუნებრივია, კერძო კომპანიები, ანუ სამედიცინო დაწესებულებები ეცდებიან, რომ სახელმწიფოს თანხები რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მიიღონ. ამის კონტროლი არც თუ ისე ადვილია და სახელმწიფოს, ალბათ, დიდი ძალისხმევა დასჭირდება გასაკონტროლებლად.

მე მაინც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს სადაზღვევო კომპანიებისა და საყოველთაო ჯანდაცვის ფუნქციები. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც არიან დაზღვეული, უარს ირებენ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებასა და მკურნალობაზე, რომელიც არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვით. კერძო სადაზღვევო კომპანია თავიდან იცილებს და ეუბნება, რომ საყოველთაო ჯანდაცვით არის გათვალისწინებული ხარჯების დაფარვა და მიმართეთ მას.

როდესაც ადამიანს აქვს კერძო დაზღვევა, მიმაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სერვისი თუ ხარჯი უნდა დაფაროს სწორედ კერძო დაზღვევამ. ტვირთის სახელმწიფოზე გადატანა ასეთ დროს, არ არის სწორი. ვფიქრობ, ეს უნდა გამოსწორდეს.

– თქვენი აზრით, რა არის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები? 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად მიმაჩნია მოსახლეობის ჯანდაცვის კუთხით. წლების მანძილზე ადამიანები ვერ მკურნალობდნენ ამ დაავადებას თანხის უქონლობის გამო. ახლა კი ეს პრობლემა მათ მოეხსნათ.

-ჯანდაცვის სამინისტროსთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რა მიგაჩნიათ? 

ერთ–ერთი გახლავთ ჯანდაცვის ხარისხი – ჩვენი სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ–ტექნიკური მდგომარეობა, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი დიდი ნაწილისთვის ხელფასების გაზრდა. არიან ექიმები ძალიან მაღალი ანაზღაურებით, რაც ძალიან კარგია.თუმცა, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით არიან ექიმები, რომლებიც არ არიან მოტივირებულები ხელფასით. ასევე, ვფიქრობ, რომ სამედიცინო განათლებას ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. 

ამერიკაში აპრობირებული სისტემაა – ეხმარები იმას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ჯანდაცვის სისტემა ემსახურება იმ ადამიანებს, ვისაც თავად შეუძლია ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. ასეთ სისტემაზე თუ გადავალთ ეტაპობრივად, იქნება ზალიან სწორი. იმედი მაქვს, რომ მუდმივად არ იქნება საქართველო ეკონომიკურად გაჭირვებული ქვეყანა და არ დაგვჭირდება მუდმივად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის არსებობა. ამიტომ, თანდათან უნდა გადავიდეთ სისტემაზე, როდესაც დახმარება მიდის მასთან, ვისაც ეს ზალიან სჭირდება.

– რას ელოდებით ჯანდაცვის რეფორმისაგან, რა ძირითადი პრობლემები უნდა გადაჭრას მან? 

ჩვენ ხომ ვიხდით საშემოსავლოს 20 პროცენტს. კარგი იქნება, თუ 15 პროცენტს გადავიხდით საშემოსავლო გადასახადს, დარჩენილ 5 პროცენტს კი მივმართავ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დაზღვევისთვის და მექნება კერძო სადაზღვევო პოლისი. ვფიქრობ,რომ ეს არის სწორი.

მესმის, რომ სახელმწიფომ უზარმაზარი თანხა დახარჯა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისთვის. ვფიქრობ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ის, რაც პრაქტიკულად 3 თვის განმავლობაში გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ, ძალიან რთული იყო. ეს უდავოდ დასაფასებელია. ცხადია, უნდა წავიდეთ წინ.

კარგია ამ საქმეში უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რადგან მათ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. თავისთავად ის რეალობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აცნობიერებს, რამდენად საჭიროა თავად მოსახლეობის აზრის მოსმენა ჯანდაცვის სექტორში მათთვის მნიშვნელოვან პორბლემებსა და პოზიტიურ სიახლეებზე, ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმები უნდა მიმდინარეობდეს მოქალაქეების აზრისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …