“ბიზნეს კურიერის” 13 თებერვლის გადაცემაში ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე ფასების კლების მიზეზებზე იმსჯელეს.
ჟურნალისტმა მეგი კავთუაშვილმა აღნიშნა, რომ მათ გადაამოწმეს ფასები და აღმოჩნდა, რომ ასამდე დასახელების მედიკამენტის 185 პოზიციაზე საშუალოდ 30%-ით დაიკლო ფასებმა.
მეგი კავთუაშვილის აზრით, მედიკამენტების გაიაფების ტალღა ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დაემთხვა, თუმცა ადგილობრივ კომპანიებში გაიაფების მიზეზად მწარმოებლებთან მიღწეულ შეთანხმებას ასახელებენ.
აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებით, წამლებმა დაიწია 30-40%-ით, მათ შორის მნიშვნელოვანმა, ხშირი მოხმარების წამლებმა. კომპანიები აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუმცა მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა. მითუმეტეს, რომ ერთი დღით ადრე საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს მართლაც ესე მოხდება და მოხდა, ანუ მიზანი ერთგვარად, მიღწეულია, – აღნიშნა გოგიჩაიშვილა.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე კი მიიჩნევს, რომ ფართო მოხმარების პრეპარატების მნიშვნელოვან სეგმენტზე ფასებმა მნიშვნელოვნად დაიკლო და ეს ბაზარზე ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლას უკავშირდება.
“როცა მედიკამენტები დაიდო ბაზაში იმ ფასებით, რა ფასებითაც ისინი გამოვა ბაზარზე, ბუნებრივია, მის ანალოგებზე ფასები დაიწევს. შესაბამისად, კომპანიებმა ანალოგების დაბალ ფასებში გაყიდვა დაიწყეს. ეს ელემენტარული ეკონომიკა და ბიზნესია. გასათვალიწინებელია ისიც, რომ საქართველოში შენდება ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც, ადგილობრივ ბაზარზე გაანახევრებს ფასებს და ექსპორტზეც გავა. პირველ ეტაპზე, ვიდრე ქარხანა აშენდება, იქნება 30 პროცენტიანი კლება. ჩვენი დაპირება იყო, რომ წამლებს გავაიაფებდით და ეს პროცესი დაიწყო”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.