საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის მოსაზრებით, უახლოეს პერიოდში მედიკამენტები მინიმუმ 30%-ით გაიაფდება.
როგორც დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფარმაცევტული ქარხნის ამოქმედების შემდეგ, მედიკამენტებზე ფასები, სავარაუდოდ, განახევრდება.
“ორი პროგრამა, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით დაიწყო, რაშიც ასევე მონაწილეობს საპარტნიორო ფონდი, წარმატებით მიმდინარეობს. ალბათ მოსახლეობამ უკვე შენიშნა, რომ ფასების დაწევა შეიმჩნევა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს ხანში მედიკამენტები მინიმუმ 30 პროცენტით გაიაფდება. ხოლო, როდესაც ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს მუშაობას, ფასები, ალბათ, განახევრდება”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.
საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით, საპარტნიორო ფონდი ავსტრიული კომპანია Humanity Holding GmbH-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის მიზანია თბილისში ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება.
პროექტის განხორციელებისა და ოპერირების მიზნით Humanity Holding GmbH-მა სს “ჰუმანითი ჯორჯია” (Humanity Georgia) დააფუძნა. ახალი პროექტის დაწყებაზე პარტნიორთა შეთანხმება საპარტნიორო ფონდს, Humanity Holding GmbH-სა და საპროექტო კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას” (Humanity Georgia) შორის გააფორმდა.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით, სასაწყობო ფართებით და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 800 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ასევე კომპანიის მიერ იმპორტირებული იქნება წამლების გარკვეული რაოდენობა, რომელთა საქართველოში რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება.
ქარხანაში დასაქმდება 300 ადამიანი, რომელთა შორის იქნებიან ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ. აშშ დოლარია.