C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში წარმატებით ხორციელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ “გლობალ ალიანსის” ხელშეწყობით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე – “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები” უცხოელმა ექსპერტებმა, პროფესორებემა სტანისლავ პოლმა და იაზდან იაზდანპანამ განაცხადეს.
უცხოელმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობას და ხაზი გაუსვეს, რომ პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობისაა.
ქართველი ექსპერტი ირინა ზარნაძე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია, აღნიშნავს, რომ შიდსი და C ჰეპატიტი მკურნალობა სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ნებისმიერი დახმარება, რომელსაც საქართველო ამ კუთხით მიიღებს, ძალიან მნიშვნელოვანია.
„მსოფლიოში შიდსი და C ჰეპატიტი, ძალიან გავრცელებულია. C ჰეპატიტის მკურნალობა კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ დახმარებას ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლას“, – აღნიშნავს ირინა ზარნაძე.