მაშინ, როდესაც ფარმაცევტული კომპანიები კრიზისზე საუბრობენ და მოგების შემცირებას უჩივიან, ბაზარზე ახალი მოთამაშე „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ სოციალური გეგმები აქვთ და მედიკამენტების ფასი 30%-ით იაფი ეღირება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მახარაძე:
„პროფესიით ფილოსოფოსი ვარ, ეკონომიკაში შესაძლო ნაკლებად ვერკვეოდე, მაგრამ ერთი რამ ცხადია – რაც მეტი კომპანია შემოვა ფარმაცევტულ ბაზარზე, ეს უკეთესია მოსახლეობისათვის და კლიენტურისათვის. განსაკუთრებით მაშინ, თუ გვპირდებიან, რომ მათი მედიკამენტების ფასი 30%-ით იაფი იქნება არსებულ ფასებთან შედარებით.
ამას ვამბობ როგორც პარლამენტარი და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. ასე, რომ ახალი კომპანიის გამოჩენას მხოლოდ მივესალმები, რასაკვირველია“.
აღსანიშნავია, რომ „ჰუმანითი ჯორჯიამ“ მედიკამენტების პირველი პარტია უსასყიდლოდ, ჰუმანიტარულად რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცა. ფართო მასებისათვის კი მათი პრეპარატები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.