ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას გაკოტრებასთან დაკავშირებით და ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი“ ირინა ჭელიძე გამოეხმაურა:
„ჯანდაცვის სამინისტროში დღესაც გვქონდა შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან, დავსახეთ მთელი რიგი გეგმები და გეტყვით, რომ ფარმაცევტულ მოთამაშეებს შორის რაიმე დაპირისპირების ან პრობლემის არსს ვერ ვხედავ, არც საფუძველი არსებობს. როდესაც მოთამაშეები ამბობენ, რომ ლარის დევალვაციამ გაკოტრების საფრთხის წინაშე დააყენა და ა.შ. თავად უნდა ისაუბრონ ამაზე არგუმენტირებულად.
თავად ის ფაქტი, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, ზოგადად მისასალმებელია. მაგრამ როდესაც კონკრეტული შედეგები და კონკრეტული მედიკამენტები იქნება ხელშესახები, უფრო რეალური იქნება მსჯელობა ან შეფასება. ახალი მოთამაშე ამბობს, რომ ბაზარზე შემოდის შედარებით დაბალი ფასებით და არ არის ორიენტირებული ზემოგებაზე, რასაც დადებითად ვუყურებ. რაც უფრო კონკურენტული იქნება ფარმაცევტული ბაზარი, ჩვენი მოსახლეობისათვის უკეთესი იქნება“.
ჭელიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და გაანალიზება ღიად უნდა დაფიქსირდეს:
„ზოგადად, იმის თქმა, რომ არსებული მოთამაშეები მონსტრები არიან და ხალხს ყვლეფენ, არ არის სწორი. მათ ბევრი რამე აქვთ გაკეთებული იმისთვის, რომ ფარმაცია საქართველოში იმ დონემდე მისულიყო, რა დონეზეც დღეს არის რეალურად.
თუ ახალი მოთამაშე შემოვა ჯანსაღი კონკურენციის თამაშის წესებით, ეს წარმატებული ნაბიჯი იქნება. თუ იაფი და ხარისხიანი ჯენერიკები შემოვა, როგორც ,,ჰუმანითი ჯორჯია“ ამბობს, ძალიან მისასალმებელი. უბრალოდ, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მედიკამენტები ნამდვილად ხარისხიანი იქნება“.