მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას
როდესაც ბაზარზე არის ოლიგოპოლიური ჯგუფები სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას.

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას

ბოლო პერიოდში ფარმაცევტული კომპანიები ჩივიან, რომ ბაზარზე კრიზისია და ეს აისახება მათ მოგებაზე. ამ ფონზე კი ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა.

„ჰუმანითი ჯორჯიამ“ აქტიური სარეკლამო კამპანიით უკვე მიიპყრო ყურადღება, ხოლო მათი მედიკამენტები სულ მალე გამოჩნდება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. 

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაციების შესახებ საუბრობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე: 

„ფარმაცევტული კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი შეიძლება არსებობდეს ერთი და მეორე მხრიდანაც. ის, რომ პროდუქცია დეფიციტურია, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ როდესაც დიდწილად დამოკიდებული ხარ უცხოურ ბაზარზე, მე მესმის მათი. დოლარსა და ლარს შორის შეიცვალა კურსი, კომპანიებს დოლარზე უხდებათ პროდუქციის შესყიდვა, აქ ლარებში უნდა ამოიღონ აღნიშნული თანხა, რომ შემდეგ ისევ შესყიდვა განახორციელონ.

ეს პრობლემა მართლაც არსებობს დევალვაციის შედეგად, თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია, ამ პროცედურების შედეგად მოგების რა მარჟა რჩებათ კომპანიებს. მეორეს მხრივ, ვნახოთ როგორია მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა. მათ შემოსავალი აქვთ ლარებში და ეს შემოსავალი არ გაზრდილა. პირიქით, ქმედითი უნარით შემცირდა კიდეც. ეს ორი რამ ერთმანეთს ეჯახება და გამოდის წინააღმდეგობა, რომელშიც ერთიც პოულობს გამართლებას და მეორეც“.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ერთია, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და წახალისება სჭირდება, რათა ბაზარზე ახალი კომპანიები შემოვიდნენ.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ყველაფრის დასარეგულირებლად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას. როდესაც ბაზარზე არის ოლიგოპოლიური ჯგუფები, რა თქმა უნდა, ფასიც არის სტიმულირებული ამ ჯგუფების მიერ.

ერთი მხრივ, ვერ გაამტყუნებ მათ, რადგან ეს ბიზნესია და მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. ამ მოგების ფონზე ყოველთვის შეიძლება ვერ გაითვალისწინონ მოსახლეობის ინტერესები, მაგრამ სწორედ აქ არის სახელმწიფოს როლი, რომ წლების განმავლობაში სტიმული უნდა მისცეს კერძო კომპანიებს, რომ რაც შეიძლება მეტი ფირმა შემოვიდეს, ხოლო კონკურენტული გარემო აუცილებლად დაარეგულირებს ფასს და ჩვენს აღარ დავსვამთ საკითხს იმის თაობაზე კომპანიას მოგება გაეზარდა, შემცირდა თუ ასე შემდეგ, ოლიგოპოლიური ფირმები ვეღარ მოახერხებენ ბაზარზე ფასების დაწესებას და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასი ბაზრიდან გამომდინარეობს.

მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისათვის საჭიროა ახალი კომპანიების სტიმულირება მოხდეს და კიდევ, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა“, – ამბობს ავთანდილ სილაგაძემ.

სილაგაძემ ცალსახად აღნიშნა რომ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენა დადებითად აისახება მომხმარებელზე.

„რაც შეეხება ახალი მოთამაშის შემოსვლას, მე განგებ არ მინდა მას შევეხო, თუ რა კომპანიაა და ასე შემდეგ, მაგრამ რაც მეტი კომპანია შემოვა ბაზარზე, არა კონკრეტულად ეს ერთი, არამედ რაც მეტი შემოვა, მით მეტად იქნება დაცული მომხმარებელი და მით ნაკლები შეკითხვები გაჩნდება.

სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ ფარმაცევტულ სფეროს არ ეხება. ძალიან ბევრი სფეროა ოლიგოპოლიზებული და ფასები გაზრდილი, მაგრამ ყველაზე მგრძნობიარე მაინც ეს მიმართულებაა. მითუმეტეს სახელმწიფოს პრიორიტეტად აქვს სოციალური პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შედეგად ათასობით ადამიანი სიკვდილს გადაურჩა“.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …