C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სხვადასხვა ჭრილში განიხილავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე. კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასაკისა და სქესის მიუხედავად.
„რამდენადაც ცნობილია, პროგრამაში პირველ ეტაპზე 5000 ადამიანი ჩაერთო და დღეისათვის მათი რიცხვი უკვე 10000 აღწევს. ბენეფიციარების რანჟირება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება. ასევე მე რაზეც გავამახვილე ყურადღება პროგრამის დაწყებისთანავე არის ის, რომ პროგრამა მოქნილია და არ არის დამძიმებული სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერებით.
პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების პირველმა ტალღამ მკურნალობა პირველადი რეგისტრაცის მემორანდუმის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც საქმე ეხება ისეთ მძიმე დაავადებას როგორიც არის C ჰეპატიტი“, – ამბობს კაპანაძე.
მისი თქმით, პროგრამა ჯანდაცვის კუთხით უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მისი ეკონომიკური მხარეც.
„საქმე ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ დაავადების მატარებლები არიან წლების მანძილზე, მათი დიდი ნაწილი, შრომისუნარდაქვეითებულია და ჯანმრთელობის მდგომარობის გამო ვერც ახერხებს შესაბამისი სამუშაო ადგილის მოპოვებას.
ამ ადამიანების შრომითი ბაზრიდან, გამოკლება რასაკვირველია, იწვევს შრომითი ბაზრის დასუსტებას რაც უარყოფითად ისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და პირველ რიგში კი ამ ადამიანების ოჯახებზე. მათი განკურნება და შრომისუნარიანობის აღდგენა კი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რამდენადც, განკურნების კვალობაზე, მათ მიეცემათ შრომის ბაზარზე სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება.
გარდა ამისა, აღსანიშნია ის პირდაპირი სოციალური ეფექტი, რაც ამ პროგრამას მოაქვს დაავადებული პაციენტებისა და მათი ოჯახებისთის.
– არავისთვისაა უცხო, რომ მკურნალობისთვის საჭირო კურსის დასაფინანსებლად ათეულათასობით აშშ დოლარის სამობილიზაციოდ ოჯახების უმრავლესობას სამყოფელის გაყიდვა და დიდი და გრძელვადიანი სესხების აღება უხდებოდა. დღეს საკითხის ფინანსური მხარე, პრაქტიკულად, მოხსნილია და, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი შეღავათია ამ ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის“,–
აღნიშნა კაპანაძემ და დასძინა, რომ ეს პროგრამა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის კუთხითაც.