ექიმები იმედოვნებენ, რომ „ჰუმანითი ჯორჯია“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვიდრებას შეძლებს.
ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვიდა. აღნიშნული კომპანია ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას ინდოეთიდან განახორციელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარკვეულწილად, ეს სოციალური პროექტია, რადგან მათი პრეპარატები იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის.
თერაპევტი ნანა მასურაშვილი მიესალმება ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას და მიიჩნევს, რომ თუ მათ მიერ იმპორტირებული მედიკამენტები მაღალი ხარისხის იქნება, კომპანიას ფარმაცევტულ ბაზარზე თავის დამკვიდრება გაუდვილდება.
„ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ვფლობ რეკლამის დონეზე, სხვა კონკრეტული სახის დამატებითი მონაცემები ჩემთვის ცნობილი არ არის. თუ მათი მედიკამენტები ხარისხიანი იქნება, კომპანია აუცილებლად დაიმკვიდრებს ბაზარზე საკუთარ ნიშას.
თავადც გამოვიყენებ მათ მიერ იმპორტირებულ წამლებს და შედეგებიდან, პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდება აზრი „ჰუმანითი ჯორჯიას“ პრეპარატების ხარისხიანობასა და შედეგიანობაზე. წინასწარ რაიმეს თქმა ნამდვილად არ შემიძლია“,- განაცხადა ნანა მასურაშვილმა.
გარდა ამისა, ექიმი ასევე შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს და გამოყო რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრამა და რეფორმა, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება:
„ის ცვლილებები, რაც ახლა ხდება ჯანდაცვის სისტემაში, ძალიან მომწონს. განსაკუთრებით გამოვყოფდი საყოველთაო ჯანდაცვას, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. გარდა ამისა, მივესალმები პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას, რომელსაც გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო, რადგან არის გარკვეული ხარვეზები, რომელთა მოგვარება და აღმოფხვრა სასურველია“,- აღნიშნა ნანა მასურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „ჰუმანითი ჯორჯიამ“ მედიკამენტების პირველი ნაკადი ჰუმანიტარულად გადასცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ხოლო ფართო საზოგადოებისათვის მრავალფეროვანი არჩევანი სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.