მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.
ჰუმანითი ჯორჯიას ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება. ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის ანდრიი კუზმას ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება. ამის შესახებ კუზმამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა.
რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც საავადმყოფოს პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.
“აღნიშნული ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის”, – ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსები დადებითად აფასებენ.
„ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მათი მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის“, – აცხადებენ მედიკოსები და სპეციალისტები.
შპს სამშობიარო “იმედის კლინიკის’’ მეან-გინეკოლოგმა ირინა ქოროღლიშვილმა მედიკამენტების გაძვირებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ წამალზე ფასები თითქმის გაორმაგდა, რაც სრულიად მიუღებელია:
„მედიკამენტები ძალიან გაძვირდა. იმ მედიკამენტებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიყენებთ, მომატებული აქვს ძველი ღირებულების ნახევარი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წამალზე ფასი გაორმაგდა. მოგეხსენებათ, პაციენტის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს მედიკამენტოზური მკურნალობა. თუ პროცესი ასე გაგრძელდება, პაციენტების დიდი ნაწილი ვეღარ შეძლებს მკურნალობის კურსის გავლას და ექიმის მიერ გაწეული ძალისხმევა იქნება სრულიად უშედეგო. საკითხი აუცილებლად დასარეგულირებელია სახელმწიფოს მიერ“.
მედიკოსი დადებითად აფასებს სამინისტროს ინიციატივას, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედებაზე და ქვეყანაში ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოვების შესახებ. ექიმების უმრავლესობა უარს იტყვის ძვირადღირებულ ბრენდულ მედიკამენტებზე და პაციენტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე გამოუწერს ხარისხიან დაბალი ფასის მქონე ჯენერიკ მედიკამენტს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრმა ნანი ნარეკლიშვილმა. ექიმმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე:
“ჯანდაცვის პირველადი რგოლი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ბავშვის ჯანმრთელობის განვითარების საკითხებში. საერთოდაც, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, ხშირად, დამოკიდებულია იმ პატრონაჟზე, რომელსაც პირველადი რგოლის ექიმები მიმართავენ.
სასურველია, რომ კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ეს რგოლი ზემოთ აღნიშნულ საკითხებში. აქტიური ჩართვა გულისხმობს საავადმყოფოდან ბავშვის გამოყვანის შემდგომ პატრონაჟს პირველადი რგოლის ექიმის მიერ. ისინი აქტიურად უნდა ჩაეთვნენ ძუძუთი კვების საკითხებში რათა რაიმე პრელაქტაციური საკვები არ დაინიშნოს, რაც შემდგომ გამოიწვევს ძუძუზე უარის თქმას. ასევე უნდა გააქტიურდეს ბინაზე მისვლაც“.
რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ექიმი მას წარმატებულს უწოდებს.
ნანი ნარეკლიშვილმა მედიკამენტების ფასებზეც გაამახვილა ყურადღება და დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა უარყოფითად შეაფასა. ამასთან, მიაჩნია დორულად მოხდეს პრობლემების დარეგულირება, სხვაგვარად პაციენტები მკურნალობას ვეღარ გააგრძელებენ:
,,მედიკამენტები ძალიან გაძვირებულია. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ბაზარზე ძალიან ბევრი საეჭვო მედიკამეტი, 70–მდე დასახელების სეფტრიაქსონია გაყიდვაში. როგორ შეიძლება ენდოს ამას აექიმი, ან პაციენტი. აუცილებელია მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება. ფასების უსასრულო ზრდამ კი ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.
ექიმმა უნდა იფიქროს, რომ პაციენტს დაუნიშნოს მაღალხარისხიანი, ევროპული ბრენდის მენიკამენტი, მაგრამ პარალელურად თან უნდა გაითვალისწინოს ფასიც, როდეაც ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი იქნება მაღალ დონეზე და ასევე პაციენტების ინფორმირებულობის დონე ჯენერიკებთან დაკავშირებით აიწევს, მაშინ ექიმი ენდობა ჯენერიკს და ინდური მედიკამენტის ხარისხიც ეჭვქვეშ აღარ დადგება“.