ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას აქვს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები.
ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ნამდვილად, კარგი ინიციატივაა, რადგან ხშირად პაციენტები ვერ ხვდებიან, თუ რომელ ვიწრო სპეციალისტს მიაკითხოს. ოჯახის ექიმი მათ დაეხმარებათ სწორი დიაგნოზის მიღებასა და დასაწყის ეტაპზე დაავადების სწორად მკურნალობაში.
გარდა ამისა, პირველადი რგოლში ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ პაციენტები დროულად გადამისამართდნენ ვიწრო სპეცილისტთან საჭიროებისამებრ. ზოგ შემთხვევაში, თავად ოჯახის ექიმი ახდენს პაციენტის მკურნალობას, ზოგჯერ კი, როდესაც დაავადების ხარისხი სცდება მათი კომპეტენციის საზღვრებს, ხდება გადამისამართება, –
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ორთოპედ-ტრამვატოლოგმა გიორგი კვარაცხელიამ.
ექიმმა მოკლედ ისაუბრა როგორც ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის, ასევე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე. მან ასევე ოჯახის ექიმის საკმაოდ რთულ დაკისრებულ მისიაზე ისაუბრა:
“მან სწორად უნდა განსაზღვროს თითოეული პაციენტის მდგომარეობა. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან დიდ გამოცდილებასა და ცოდნას მოითხოვს. ფაქტობრივად, პირველადი რგოლის ექიმები ვალდებულნი არიან, ყველა ვიწრო სპეციალისტის ცოდნას თავი მოუყარონ და გააერთიანონ თავიანთ კომპეტენციაში, რაც საკმაოდ რთულია და ვფიქრობ ერთი სპეცილისტისთვის ამხელა მისიის დაკისრება ძალიან სარისკოა.
ვიმედოვნებ, ჩვენი მედიკოსები მოსახლეობის იმედებს გაამართლებენ. რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორად გათვლილი. არის შემთხვევები, როდესაც არასაპენსიო ასაკის ადამიანს სჭირდება გეგმიური ოპერაცია და არ ხდება მისი დაფინანსება და ვერ ხვდებიან ჯანდაცვის ამ პროგრამაში. ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კერძო დაზღვევები, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით აღარ უნდა ფინანსდებოდნენ”.
გიორგი კვარაცხელიამ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით:
“მედიკამენტები კატასტროფულად გაძვირდა. ფაქტობრივად, ყოველდღიურად იზრდება პრეპარატების ფასები, ვფოქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმიწფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს ფარმაცევტული ბაზრების საქმიანობაში. ბაზარზე გაიზარდა ჯენერიკ მედიკამენტების რიცხვი, მათ შორის ინდური ჯენერიკებიც მომრავლდა.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთან მიმართებაში ჯერ არ გამომიყენებია ინდური ჯენერიკები, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. პაციენტს უნდა ჰქონდეს არჩევნის საშუალება. როდესაც არ გაქვს 100-150 ლარიანი მედიკამენტის ყიდვის შესაძლებლობა, შეგიძლია შეიძინო უფრო დაბალ ფასიანი, თითქმის იგივე შედეგის მქონე, ეფექტური და ხარისხიანი მედიკამენტი”.