მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომაპანია ,,ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი თავდაპირველად პირველადი მოხმარების ჯენერიკ მედიკამენტებს იმპორტირებას მოახდნენ, ამასთან შედარებით დაბალ ფასად.
ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას დერმატოლოგ–ვენეროლოგი შალვა კევლიშვილი გამოეხმაურა:
,,ევროპული წამლების ფალსიფიცირება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ჯენერიკებზე, მთავარი, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს, არის მათი ხარისხის კონტროლი. ინდოეთში ან სხვა ქვეყნებში არის იმისი შანსი, რომ კონკრეტულ სტანდარტზე უფრო დაბალი დონის მედიკამენტი დამზადდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალსახად რომელიმე ქვეყნის მიერ წარმოებული მედიკამენტი ცუდია.
სწორი იქნება ქვეყანას გააჩნდეს ხარისხის კონტროლის მექანიზმი – ეს ყველაზე რეალურია, რაც საზოგადოებაში ნდობის ფაქტორს აამაღლებს. კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ შესახებ არ მსმენია. თუ ახალი მოთამაშეები შემოვლენ ბაზარზე, ამაში ცუდი არაფერია. პროცესი კონკურენციას შეუწყობსხელს, კონკურენცია კი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ამ ფონზე კი, ქვეყანაში მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მექანიზმი ამოქმედდეს“.