ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე – „ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა, რომელიც მედიკამენტების იმპორტირებას ინდოეთიდან განახორციელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ პრეპარატებს ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი გააჩნიათ და ის ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისათვის. აღნიშნულ საკითხსა და ინდური პრეპარატების სანდოობაზე საუბრობს ოტორინოლარინგოლოგი კოტე მაისაია.
„ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენა ქართულ ფარამცევტულ ბაზარზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტია. სანდო ჩვენს დროში არავინაა. ზოგჯერ ცნობილი ფირმების უკან იმალება კერძო ადამიანების პირადი ინტერესები. ამიტომ, როდესაც ახალი კომპანია შემოდის, ყველა ეჭვის თვალით უყურებს მას. ბუნებრივია, რაც უნდა ევროკავშირის სერტიფიკატი და ლიცენზია ჰქონდეს მას, მაინც უნდობლობით შეხვდებიან მას. ხოლო რაც შეგვეხება ჩვენ, აზრი ჩამოგვიყალიბდება იმის მიხედვით, თუ როგორ იმოქმედებს მათ მიერ იმპორტირებული მედიკამენტები ანუ მხოლოდ შედეგების მიხედვით შევაფასებთ მას“.
ექიმს ასევე მიაჩნია, რომ მედიკამენტების დანიშვნისას განსაკუთრებული ყურადღება არ ექცევა მწარმოებელ ქვეყანას. ამ შემთხვევაში მთავარი პრეპარატის ხარისხია.
„იმას, თუ სად იწარმოება ესა თუ ეს პრეპარატი, მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია. ვენდობი, ვნიშნავ და თავადაც ვიყენებ ინდური წარმოების პრეპარატებს. თუმცა, ვენდობი მხოლოდ ინდურს, დანარჩენ განვითარებად ქვეყნებში წარმოებულს – ნაკლებად. ინდური ფარმაცევტული წარმოება მსოფლიოში ცნობილია და კონკურენციას უწევს წამყვან კომპანიებს და ბრენდების იძულებულნი არიან, რომ მათი წარმოების ხარისხი აღნიშნონ და აღიარონ“, – აღნიშნა კოტე მაისაიამ.