ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის, რომელმაც მედიკამენტების იმპორტი ინდოეთიდან უნდა განახორციელოს. „ჰუმანითი ჯორჯია“ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტებს შემოიტანს.
ჯენერიკ მედიკამენტების სანდოობასა და „ჰუმანითი ჯორჯიას“ ბაზრაზე შემოსვლის შესახებ ოტორინოლარინგოლოგ ბეჟან ხელაშვილს ვესაუბრეთ:
“დანიშნულების დროს წინასწარ და მკაცრად არ განვსაზღვრავ, ინდური წარმოების მედიკამენტები უნდა გამოვწერო, ან არა. ეს ყველაფერი თავად პრეპარატზეა დამოკიდებული. შეიძლება ინდური, ამერიკული და ევროპულიც შესაძლოა იყოს კარგიც და ცუდიც“.
ბეჟან ხელაშვილი აცხადებს, რომ მთავარია ახალმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ეფექტური და მისაღები ფასის მედიკამენტები შემოიტანოს ბაზარზე.
„რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ ბაზარზე შემოსვლას, ზოგადად, მომხრე ვარ ორიგინალი მედიკამენტების და არა ჯენერიკების, მაგრამ თუ პრეპარატი კარგად იმუშავებს, არც მისი გამოყენებაა პრობლემა. გააჩნია მათი მედიკამენტების ხარისხს, თუ რამდენად ეფექტური იქნება იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.
მთავარია, პაციენტი იყოს კმაყოფილი. წამლის მიმართ ნდობა ყალიბდება გამოცდილებით და კონკრეული მედიკამენტის მიმართ და არა ზოგადად მწარმოებელი კომპანიის, ან ქვეყნის მიმართ. შესაბამისად, ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება ჯენერიკების მიმართ ნდობას გაზრდის,“ – მიაჩნია ექიმს.