მთავარი » ახალი ამბები » ჰუმანითი ჯორჯია მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასებში იანვრის ბოლოს შემოიტანს
"ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ მედიკამენტების ხელმისაწვდომ ფასებში შემოტანის შესახებ კომპანიის აქტიური საინფორმაციო კამპანიის თვალყურის დევნება შესაძლებელია.

ჰუმანითი ჯორჯია მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასებში იანვრის ბოლოს შემოიტანს

„იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას” აქტივობებს”,

– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ მედიკამენტების ხელმისაწვდომ ფასებში შემოტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით.

ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”,

– განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ კოკნურენტუნარიანობა რაც მეტი იქნება ბაზარზე, ეს მით უფრო სასარგებლოა მოსახლეობისათვის.

„მართალია, ამ მიმართულების სპეციალისტი არ გახლავართ და წვრილმანებში გარკვეული არ ვარ, თუმცა ცალსახად, რაც მეტი ფარმაცევტული კომპანია იქნება ბაზარზე და კონკურენცია გაიზრდება, ეს უკეთესია მოსახლეობისათვის. შესაბამისად, მედიკამენტები გაიფდება და მასზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება“, – განმარტავს გაჩეჩილაძე.

პარლამენტარი ჯანდაცვის რეფორმებსაც შეეხო და წარმატებული უწოდა:

„ერთი მხრივ, ძალიან კარგი პროექტია საყოველთაო დაზღვევა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ აქ დადგა მეორე საკითხი – მედიკამენტების ფასი. ეს თემა მოსახლეობას ძალიან აწუხებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მხარი დავუჭიროთ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას,  მედიკამენტების იმპორტირებას“. 

რაც შეეხება მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებს, გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ მასზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი განხორციელდეს.

„ზოგადად, ინდური წამლების ხარისხიანობის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს, მასზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, თუმცა თუ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ იმპორტირებული პრეპარატები აკმაყოფილებენ სტანდარტებს და მათ აქვთ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, პრობლემას ვერ ვხედავ. საერთოდაც, თუ ვთქვათ ინდოეთს შეუძლია აწარმოოს ხარისხიანი და სერტიფიცირებული მედიკამენტები, მაშინ მე გამოვთქვამდი სურვილს, რომ იგივე გავაკეთოთ ჩვენთანაც.

ეს მომგებიანი იქნება სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით და ასევე, ფასების მხრივაც, რადგან ფასნამატს აღარ დაემატება ტრანსპორტირების ღირებულება“, – აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითიჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …