ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა წამოიწყო და განახორციელა. რამდენიმე დღის წინ მორიგი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს ავთანდილ იმედაძეს დავუკავშირდით.
– ბატონო ავთანდილ, პირველ რიგში შევაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვნად და საჭიროდ მიგაჩნიათ ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯი, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს?
– ეს მნიშვნელოვნი ინიციატივაა. არსად მსოფლიოში არ არის უკონტროლობა და თავისუფლება, რომ ყველა კომპანიას შეეძლოს ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლა. სპეციალური ლაბორატორიები და ინსტიტუტებია, რომლებიც მედიკამენტების ხარისხს ამოწმებენ და აკონტროლებენ.
განსაკუთრებით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იცოდეს, რა ხარისხის მედიკამენტების ყიდულობს ჩვენი მოსახლეობა. უამრავი მედიკამენტი შემოდის ინდოეთიდან, თურქეთიდან, მალაიზიიდან. ზოგიერთი შემომტანი კეთილსინდისიერია, ზოგი -არა. ამიტომ მედიკამენტის ხარისხის გაკონტროლება და შემოწმება, აუცილებელია, კონკრეტულად კი გაკონტროლდეს, თუ რა რაოდენობითაა მასში აქტიური ნივთიერება.
ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულება და კარგია, რომ ის ამ პასუხისმგებლობას იღებს. ეს ინიციატივა ექიმებისთვისაც ძალიან კარგია, რადგან გვეცოდინება, რომ როდესაც პაციენტს წამალს ვუნიშნავთ, ის ნამდვილად კარგად იმოქმედებს და შესაბამისი შედეგიც ექნება. ასევე, კონტროლის გამკაცრება წაადგება კეთილსინდისიერ იმპორტიორსაც, რადგან დაბალი ხარისხის წამალი უფრო იაფი ღირს.
– საზოგადოებაში ერთგვარი სტერეოტიპი არსებობს ინდური წარმოების მედიკამენტებთან დაკავშირებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ხარისხის კონტროლი გამკაცრდება და მოსახლეობას და ექიმებს ეცოდინებათ, რომ ვერც ერთი უხარისხო მედიკამენტი ვერ მოხვდება ბაზარზე, რამდენად გაზრდის სანდოობას ინდური მედიკამენტების მიმართ?
– სანდოობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება. არ შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ ინდოეთში წარმოებული მედიკამენტი უხარისხოა. მით უფრო, როცა გავლილი აქვს ყველანაირი შემოწმება და მოპოვებული აქვს უფლება მედიკამენტების წარმოების. ამიტომაა ხარისხის კონტროლი აუცილებელი. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება შემოიტანოს მედიკამენტები ჩვენ ბაზარზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება ხარისხიანი. რაც მეტი იქნება კომპანია, მეტი იქნება კონკურენცია და დაიწევს ფასები.
– კონკურენცია ახსენეთ, ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის, „ჰუმანითი ჯორჯია“, რომელიც სწორედ ინდოეთიდან შემოიტანს მედიკამენტებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. თუნდაც კონკურენციის გაზრდის კუთხით, რამდენად დადებითად მიგაჩნიათ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა?
– რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან ჩვენი მიზანია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, რაც გააიაფებს სამედიცინო მომსახურეობას. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში იქნება წარმოებული მატ მიერ იმპორტირებული მედიკამენტი, მთავარია ის იყოს ხარისხიანი.