მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკი ერთადერთი გამოსავალია მოსახლეობამ ნახევარ ფასად მიიღოს სრულფასოვანი მედიკამენტი
ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობა, მათი სეგმენტის გაფართოება და მოხმარება საუკეთესო გამოსავალია, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ჯენერიკი ერთადერთი გამოსავალია მოსახლეობამ ნახევარ ფასად მიიღოს სრულფასოვანი მედიკამენტი

საოჯახო მედიცინის ქართულ–ამერიკული კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი,ლევან ფერაძე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას გამოხმაურა.

მან აღნიშნა, რომ ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობა, მათი სეგმენტის გაფართოება და მოხმარება საუკეთესო გამოსავალია იმსითვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

„ჯენერიკი იგივე ქიმიური შემადგენლობისა და შედეგის მომტანი პრეპარატია, როგორც ბრენდული მედიკამენტი. მაგალითისათვის, პრეპარატი „კოპლავიქსი“, რომელიც შეიცავს კლავიქსს და ასპირინს, ასევე კარდიომაგნიუმს. ცალ–ცალკე რომ იყიდოთ კლავიქსი და კარდიო მაგნინი და ასევე ცალ–ცალკე მიიღოთ, საშუალოდ, ორჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე კოპლავიქსი.

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორი ვიყავი და ძალიან კარგად მესმის და ვიზიარებ აღნიშნულ საკითხს. ღარიბი მოსახლეობის ხარჯების 60 პროცენტამდე მედიკამენტებზე მოდის. საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ჯენერიკების სეგმეტნის გაფართოება და მოხმარება საუკეთესო გამოსავალია, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამისთვის კი აუცილებელია საზოგადოებაში ჯენერიკების მიამრთ ინფორმაციულობის დონის ამაღლება“, – განმარტავს ლევან ფერაძე.

ფერაძეს მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატების მაგალითი მოყავს და აღნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიები ოჯახის ექიმებთან უკეთ თანამშრომლობის მიზნით, პირდაპირ ავალებენ მათ, რომ პაციენტს ჯენერიკ მედიკამენტი დაუნიშნონ.

„ჯენერიკი უსაფრთხო, სანდო და ხარისხიანია, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტებიც. ჩვენთვის უმთავრესია, გვქონდეს ჯენერიკებზე ხარისხის კონტროლის მექანიზმი. როგორც ყველა სხვა სფეროში, ფარმაციაშიც არსებობს ხარისხიანი და ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია. შეფუთვაზე მითითებული აქტიური ნივთიერება, ნამდვილად, არის თუ არა აღნიშნულ პრეპარატში. ჯენერიკი ერთადერთი გამოსავალია, რადგან მოსახლეობამ შეიძლება ნახევარ ფასად მიიღოს სრულფასოვანი მედიკამენტი, რომელიც სჭირდება“.

მედიკამენტების ხარისხის სრულფასოვანი კონტროლი საკმაოდ, ძვირი სიამოვნებაა და სრულფასოვან ლაბორატორიასაც მოითხოვს, რაც დღეს წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტოს არ გააჩნია:

„დღეს ჩვენთან მედიკამენტი ძალიან გამარტივებული წესით რეგისტრირდება, განსაკუთრებით ის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ამერიკაში, შენგენის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში. საუკეთესო ვარიანტია თანამედროვე სტანდარტების მქონდე ლაბორატორია, სადაც წამლის სათანადო კონტროლის შესაძლებლობა იქნება“.

შ.პ.ს. „ნეოფარმის“ მარკეტინგული ჯგუფის მენეჯერი ირმა მელაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინა პირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას მიიჩნევს. ამასთან, საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, მითს უწოდებს.

„როგორც ასეთი, ჯენერიკის განმარტების კონკრეტული წესი არ არსებობს, თუმცა მომხმარებელისთვის განვმარტავ, რომ ეს არის მედიკამენტი, რომლის მოქმედი ძირითადი ნივთიერება იდენტური და ეფექტურია, რაც ბრენდული პრეპარატის. მათშორის, დოზირება, შემადგელობა თუ ფარმაკოლოგიური შედეგიანობა ანალოგიურია.

განსხვავება ბრენდსა და ჯენერიკს შორის სახელწოდებასა და მწარმოებელ ქვეყანაშია. ინსტრუქციებსაც რომ გადავხედოთ, ზუსტად ემთხვევა აღნიშნული თვისებები და ფარმაცევტული მაჩვნებლები ერთმანეთს. მაგალითად,ავიღოთ აზიტრომიცინი, რომელიც ძირითადი ნივთიერებაა და აღნიშნული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოდის სხვადასხვა დასახელებით,“ -განმარტავს ირმა მელაძე.

მისივე განცხადებით მითია ის, რომ ყველა ინდური და ქართული წარმოების წამალი უხარისხოა.

„ზოგადად, განწყობაა საზოგადოებაში -არ სურთ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტები. ესეც დამკვიდრებული  სტერეოტიპია, რომელიც უნდა შეიცვალოს. თავად მიმიღია ინდური პრეპარატი დაშედეგით კმაყოფილი ვყოფილვარ. ასევე, მიმიღია ევროპული წარმოების მედიკამენტი და შედეგი არაეფექტური ყოფილა. ესეც ინდივიდუალურია.

ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, პრეპარატიც ინდივიდუალურად მოქმედებს. თუმცა თუ მედიკამენტი ჩინური, ინდური ან თურქულია, ეს არ ნიშნავს,რომ ის უხარისხოა. შესაძლოა, პრეპარატი იყოს ევროპული წარმოების, მაგრამ არ აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ეს უკვე ქარხანაზეა დამოკიდებული, რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს,“ -განაცხადა ირმა მელაძემ.

„ძვირდება მედიკამენტები ძვირდება მკურნალობაც. ეს ყველაფერი ერთმანეთთანკავშირშია, რადგან მედიკამენტებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მკურნალობაში. ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამისათვის მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

ბრენდული წამლების ჯენერიკებით ჩანაცვლებით უარყოფითს ვერაფერს ვხედავ. თუმცა გასათვალისწინებელია მწარმოებელი ქვეყანა, ტექნოლოგიური პროცესები და ა.შ.მის ვარგისიანობას კი ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია დაადგენს,“– განმარტავს სისხლძარღვთა და გულის დაავადების ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის უფროსი, კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე. 

ოჯახის ექიმი, პედიატრი ხათუნა ნებიერიძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჯენერიკ მედიკამენტს წერს დანიშნულებაში და მიაჩნია, რომ ის სანდო, ხარისხიანი და ისეთივე ფარმაცევტული ეფექტით ხასიათდება, როგორც ბრენდული მედიკამენტი:

„პირადად, ვიყენებ ჯენერიკ მედიკამენტს და საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვთავაზობ, ძალიან კმაყოფილი ვარ. როდესაც რომელიმე ჯენერიკ მედიკამენტს ვწერ, თუნდაც ანტიბიოტიკს, გვერდით აუცილებლად ვუთითებ ჯენერიკს. შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, პაციენტის მდგომარეობა არ გამრთულებია. თუმცა ყველა დასახელების ჯენერიკს არ ვიყენებ, ჩემთვის მისაღებია ის ჩამონათვალი,რომელიც პრაქტიკაში დადებითი შედეგით მაქვს გამოცდილი და მათ მიმართნდობა ჩამომიყალიბდა.

იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, სჯობს პაციენტმა იყიდოს 10 აბი და მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ჯენერიკებით, ვიდრე შეიძინოს ბრენდის მხოლოდ ორი აბი და მკურნალობა ბოლომდე არ მიიყვანოს“. 

პედიატრი მნიშვნელობას ანიჭებს არა მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყანას, არამედ კომპანიას, რომელიც მას აწარმოებს.

„ინდოეთში ბევრი სერიოზული კომპანია მოღვაწეობს, ასევე ეგვიპტესა და აზიის სხვა ქვეყნებში. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, პაციენტები კმაყოფილები არიან ამ ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტები ხარისხით. პაციენტის მდგომარეობის გართულება შესაძლებელია გამოიწვიოს არა მხოლოდ ჯენერიკმა, არამედ ბრენდმაც. ესეც ინდივიდუალურია“.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …