„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელის ანალიზს აკეთებს.
აღნიშნულ საკითხზე, 28 დეკემბერს, „აფბა“–ს თავმჯდომარემ, შოთა გულბანმა საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით დღეს არსებული საპენსიო სისტემა, რომელიც სოლიდარულ პრინციპზე არის დაფუძნებული და გულისხმობს გადასახადების გადამხდელთა მიერ შევსებული ბიუჯეტიდან საპენსიო გასაცემლების გაცემას, საჭიროებს რეფორმირებას –
„საჭიროა იმგვარი ალტერნატივის გაჩენა მოქალაქეებისთვის, რაც მათი შრომისა და სამუშაო სტაჟის შესაბამისად, მათივე ფინანსურად უზრუნველყოფილი სიბერის გარანტი იქნება. მსგავსი ტიპის მოდელის ჩამოყალიბებაზე ეკონომიკის სამინისტროში სპეციალური ჯგუფი უკვე მუშაობს და საზოგადოება გარკვეულ ინფორმაციასაც ფლობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა მიგვაჩნია, რომ საჭიროა უფრო მეტი კონკრეტიკა, მეტი სიცხადე და მაგალითებით საუბარი იმ მიზნობრივი ჯგუფებისთვის, რომლებსაც მომავალში ეს რეფორმა უნდა შეეხოთ“ – აცხადებს გულბანი და კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე მაგალითი მოყავს:
„ეკონომიკაში ნებისმიერი ტიპის მოვლენის პროგნოზირებისას გარკვეული დაშვებების გაკეთება გვიწევს. ამ შემთხვევაშიც, კონკრეტული დაშვებების საფუძველზე დავიანგარიშოთ, თუ რა თანხის აღება მოუწევს მოქალაქეს, თუ ის მაგალითად 30 წელი ყოველ თვე 6%–ს დაზოგავს კერძო საპენსიო ფონდში, 1000 ლარიანი ხელფასის პირობებში. ობიექტურთან ყველაზე ახლო სურათის მისაღებად ვითვალისწინებთ ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც სებ–ის პროგნოზის მიხედვით გრძელვადიან პერიოდში 3% უნდა იყოს, დაგროვების დაწყებიდან პირველი 5 წელი ინფლაცია 4,5%, ხუთიდან ათ წლამდე 4%, ხოლო თერთმეტიდან 50 წლამდე 3% გავითვალისწინოთ.
კერძო საპენსიო ფონდიდან მიღებული შემოსავლის ყველაზე პესიმისტური დაშვება გავაკეთოთ – 3%. მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა 30 წლიან პერიოდზე საშუალოდ 4%. ხელფასების ზრდა საშუალოდ 6%. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, თუ პენსიაზე გასული პიროვნება გადაწყვეტს, რომ მის მიერ დაგროვილი თანხა დახარჯოს 20 წლის განმავლობაში, მას ყოველ თვე მოუწევს 345 ლარის აღება რეალურ გამოხატულებაში, ხოლო ნომინალური რათქმაუნდა გაცილებით მეტი იქნება.
პლიუს ამას, თუ მოქალაქე გადაწყვეტს, რომ 6%–ის ნაცვლად შეიტანოს მაგალითად 8%–ის კონტრიბუცია, იგივე ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით ის 30 წლის შემდეგ ყოველ თვე აიღებს 465 ლარს“ – განმარტავს შოთა გულბანი.
მისივე თქმით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ეს იქნება ნებაყოფლობითი პრინციპით და არ ექნება რაიმე სახის იძულებითი ფორმა –
„ვისაც რეფორმაში ჩართვა არ სურს, მას შეუძლია ჩვეულებრივ მიიღოს სახელმწიფოსგან ის თანხა, რასაც აქამდე იღებდა, თუმცა, როგორც მაგალითიდან ვნახეთ, კერძო საპენსიო ფონდში დაგროვების შემთხვევაში, ე.წ. საპენსიო გასაცემლები ყოველ თვე გაცილებით სოლიდური თანხა იქნება, რასაც დაემატება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გასაცემი პენსია.
შესაბამისად მივიჩნევთ, რომ აღნიშნული რეფორმის განხორციელებით, ჩვენი ქვეყანა მოქალაქეებს მისცემს შანსს, რომ მათი სიბერე გაცილებით უფრო უზრუნველყოფილი იყოს და ნაკლებ დამოკიდებული სახელმწიფოზე, ვიდრე ამჟამად არის“ – აცხადებს „აფბა“–ს თავმჯდომარე შოთა გულბანი.