ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა თბილისის ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ტრავმატოლოგმა ლევან ჩიკვატიამ.
ექიმმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე. ასევე მედიკოსმა შეაფასა მედიკამენტების ფასებიც.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელია, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა უზრუნველყოფს, პაციენტები უფრო მეტად იყვნენ გარკვეული, თუ ვის უნდა მიმართონ ამა თუ იმ კონკრეტული დაავადების დროს.
თუ აღნიშნული სისტემა იმუშავებს, რეფორმა წარმატებული იქნება და ნამდვილად, დადებით შედეგებს მოიტანს. მოხდება დაავადებათა პრევენცია, რაც ძალიან კარგია”.
რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ტრავმატოლოგი დადებითად აფასებს უკვე მიღწერულ შედეგებს და აღნიშნავს, რომ დღეს პაციენტი კმაყოფილია,თუმცა მის უარყოფით მხარეზეც საუბრობს: „ხალხისთვის ძალიან კარგია, რომ იგი არსებობს, მაგრამ არც ისე სახარბიელოა ექიმებისთვის.
არსებობს სუსტი რგოლები და იქ არსებული პრობლემები დასარეგულირებელია. მსგავსი რეფორმები ემსახურება ძირითადად, პაციენტების ინტერესებს და ნაკლებად არის გათვალისწინებული ექიმების მდგომარეობა.
სამომავლოდ, აუცილებელია იყო ექიმების იტნერესებიც დაცული ფინანსური კუთხით. ამასთან ასევე საჭიროა პაციენტების მეტი ინფორმირება, რათა მათ არ ჰქონდეთ ისეთი მოთხოვნები, რაც არ შედის ზემოთაღნიშნულ პროგრამაში. ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწება აღნიშნული რეფორმა’’.
ლევან ჩიკვატიამ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეპარატები საკმაოდ გაძვირდა, რაც ხშირად პაციენტების უკმაყოფილების მიზეზი ხდება:
,,მედიკამეტების ფასებმა, ბოლო დროს, ძალიან მოიმატა. პაციენტები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით, რაც ხშირად უხერხულ ვითარებას იწვევს ექიმებში, რადგან ისინი ცდილობენ, რომ რა შეიძლება მინიმალური დოზის მედიკამენტი დანიშნონ, რათა პაციენტს არ გაუჭირდეს მისი შეძენა.
შექმნილი მდგომარეობა აუცილებელია დარეგულირდეს. რაც შეეხება, ჯენერიკ მედიკამენტებს, მე ხშირად ვუნიშნავ მას პაციენტებს და ძალიან კმაყოფილი ვარ“.