„ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამას ახორციელებს. აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტომ გადმოგვცა წელიწადში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პრეპარატი და ჩვენ უფასოდ ვკურნავთ მოსახლეობას.
ზუგდიდში იგეგმება სამედიცინო პუნქტის გაკეთება, სადაც დარიგდება წამლები და აფხაზ ძმებს და დებს, ვისაც სურთ განიკურნონ, შევუქმნით პირობებს, რომ ეს მათთვის შესაძლებელი გახდეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფელ რუხში განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილიანი საავადმყოფო შენდება.
ზუგდიდში სამედიცინო პუნქტი გაიხსნება, სადაც C ჰეპატიტით დაავადებული მოსახლეობა სამკურნალო პრეპარატს უფასოდ მიიღებს.
მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელიც სოფელ რუხში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შენდება, 2016 წლის აგვისტოში გაიხსნება.
„საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და კარკასის 70% პრაქტიკულად დასრულებულია. ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფო მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობას, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებს აქ უფასოდ მკურნალობას ვთავაზობთ.
ასევე, ჩემი ინიციატივით აშენდება მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე აფხაზების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს შორის ნდობის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს და ეს ურთიერთობები ამაში დიდ როლს შეასრულებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საავადმყოფოს მშენებლობაზე 154 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს.
უკვე დასრულებულია მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტირება. მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება და 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, ასევე, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა განთავსდება. ობიექტზე 1000-მდე ადგილობრივი დასაქმდება.