მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რატომ ყიდულობენ საქართველოში წამლებს განვადებით
მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ამ კომპანიის აფთიაქების ქსელში სხვადასხვა დასახელების სამედიცინო აპარატურა და მედიკამენტები უფასო განვადებით .

რატომ ყიდულობენ საქართველოში წამლებს განვადებით

ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტების რეალიზაციის ზრდას განვადების აქციით ცდილობს. „ჯიპისი–“ში, რომელმაც ეს აქცია წამოიწყო, ღიად აცხადებენ, რომ პროექტი მარკეტინგული ხასიათისაა და მისი მიზანი მედიკამენტების რეალიზაციის მაჩვენებლის ზრდაა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ მედიკამენტების განვადებაზე მოთხოვნა არსებობს და სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში მსგავსი პროექტის ამოქმედება.

საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა ამ პროექტზე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას: სამინისტროში არ გაკეთებულა იმის ანალიზი, თუ რატომაა ბაზარზე მოთხოვნა წამლების განვადებაზე და რატომ გახდა იძულებული ქვეყნის ერთერთი მსხვილი  ფარმაცევტული კომპანია, გაყიდვების ზრდის მიზნით მომხმარებლისთვის განვადება შეეთავაზებინა.

ლოგიკური იყო, ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესებულიყო კომპანიის კვლევის შედეგებით, რომლის თანახმად, საქართველოში წამლების განვადებაზე მოთხოვნა არსებობს. 

ამის ნაცვლად კი დავით სერგეენკომ კერძო კომპანიის ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ წამლების განვადებამ შესაძლოა მოსახლეობას ფინანსური სირთულეები შეუქმნას.

მისმა მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ კი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, რომ თავის დროზე მსგავსმა პროექტმა პენსიონერები ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.

„თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ნორმალური ფასები იქნება, არა მგონია განვადების აუცილებლობა დადგეს,“– განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ის, რომ სასიცოცხლო აუცილებლობის პროდუქციაზე განვადება მოთხოვნადია, ლოგიკურად, ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობაში ფულის მასა შემცირდა. სხვა თემაა, თუ რამ გამოიწვია ეს – საშინაო თუ საგარეო ფაქტორებმა.

„ჯიპისი“–ს კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ახლახანს დაწყებულ პროექტზე უკვე დიდი მოთხოვნაა, ქვეყანაში სოციალური ფონის დამძიმებაზე მიუთითებს და ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. თუმცა ჯანდაცვის მინისტრი საკითხისადმი ამგვარი მიდგომის ნაცვლად თავად კომპანიის წამოწყებას აკრიტიკებს, რომელიც ბაზრის კვლევას ეფუძნება.

საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა ხელისუფლებას, მაგალითად, სასურსათო მაღაზიებმა რომ მომხმარებელს იგივე სახის აქცია შესთავაზონ? 

ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ჯიპისის“ აქციას მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის დამძიმების გამოხატულებად მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები.

წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თინა ტურძილაძე აცხადებს, რომ მარკეტინგული პროექტის მიზანი გაყიდვების ზრდაა. მისი თქმით, რეალურად, ბაზარზე დღეს ფარმაცევტული პროდუქციის გაყიდვები შემცირებულია იმიტომ, რომ მწვავედ დგას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.

„მოსახლეობა პირდაპირ, ჯიბიდან ვერ ახერხებს წამლების ყიდვას. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტულ კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ. აქედან გამოსავალი კომპანია GPC-იმ ამ პროექტით ნახა”-აცხადებს ტურძილაძე.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის პროექტები გლობალურ ბაზრებზეც არსებობს, თუმცა, ეს გამოიყენება სასიცოცხლო ჩვენების პროდუქციაზე ან კონტროლირებად წამლებზე. ტურძილაძის შეფასებით, ასეთ ფართო ასორტიმენტზე მისი გამოყენება ქმნის გარკვეულ რისკებს, რომ ეს შესაძლებლობა მოსახლეობის მხრიდან არარაციონალურად იქნება გამოყენებული.

„ერთია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ე.წ. შავ სიაშია და ამ პროექტით ვერ ისარგებლებს და მეორე, ვინც ისარგებლებს მაღალია არარაცნიონალური დანიშნულების რისკი. თუმცა, ამ პროექტით არც კანონი ირღვევა. ამით კომპანიას სურს, რომ თავისი პროდუქციის გაყიდვები გაზარდოს”-აცხადებს ტურძილაძე.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. გამოსავალს კი ტურძილაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის უფრო ეფექტურად ამუშავებაში ან ამ მიმართულებით სახელმწიფო სუბსიდირებაში ხედავს.

შეგახსენებთ: განვადება ეხება ას ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტებს. ამ ფორმით შესაძლებელია ყველა სააფთიაქო პროდუქტის ყიდვა, რომლის ღირებულებაც 100 ლარს აღემატება. განვადების ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს.

მედიკამენტების შეძენა განვადებით საქართველოს ყველა რეგიონში, 20-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანისთვისაა შესაძლებელი. აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

პროექტის მომსახურე „ლიბერთი ბანკის” ინფორმაციით, მედიკამენტების განვადების პროექტის ფარგლებში სესხი ძირითადად სამედიცინო აპარატურის მიმართულებით გაიცა. როგორც ბანკში „კომერსანტს” განუმარტეს, მედიკამენტები პროექტის ფარგლებში უფასო განვადებით გაიცემა.

„მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ამ კომპანიის აფთიაქების ქსელში სხვადასხვა დასახელების სამედიცინო აპარატურა და მედიკამენტები უფასო განვადებით – ანუ შეიძენს მომხმარებელი ამა თუ იმ დასახელების საქონელს განვადებით თუ ნაღდი ანგარიშსწორებით – ფასი მომხმარებლისათვის იგივე იქნება”-აცხადებენ „ლიბერთი ბანკში” .

წამლების გაიაფების აუცილებლობას ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს, თუმცა მედიკამენტების გაიაფების დაპირება, რომელიც მინისტრმა ჯერ კიდევ თვეების წინ გასცა, დღემდე შეუსრულებელია.

ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ დაპირებას შეასრულებს, კერძო კომპანია წამლების ხელმისაწვდომობის ზრდას თავად ცდილობს. ხელისუფლებისგან კი კრიტიკას იღებს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …