„შემიძლია ცალსახად დავადასტურო და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან არცერთი დღით არ ყოფილა ფულის გადარიცხვის დაგვიანება – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შეკითხვას იაშვილის კლინიკის ექიმების მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
აქცია ხელფასების დაგვიანების გამო გაიმართა და მისი მონაწილე ექიმები აცხადებდნენ, რომ ეს ხელფასების დაგვიანების პირველი შემთხვევა არ არის. მათი თქმით, პრობლემა კლინიკაში „ევექსის“ შესვლის შემდეგ შეიქმნა.
აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ვითარებაში ჩარევის ბერკეტი და გვაქვს თუ არა საქმე სისტემურ პრობლემასთან ამ კორპორაციაში?
აღნიშნულზე დავით სერგეენკო პასუხობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერევა იმ შემთხვევაში თუ საფრთხე შეექმნება 2 კომპონენტს: ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების უწყვეტობას და მეორე, მომსახურების ხარისხს. როგორც მინისტრი ამბობს, სამინისტრო ასეთ შემთხვევაში ვალდებულიც კია, ჩაერთოს პროცესებში.
„ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა, ეს ალბათ მენეჯმენტმა უნდა გაარკვიოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე დაწესებულების ფუნქციონირებას. ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა კოლექტიური შრომითი დავა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება, რომ შრომითი დავების მედიატორი მივავლინოთ. ამას არ ჰქონდა არცერთი ნიშანი კოლექტიური შრომითი დავების. ეს იყო მენეჯმენტის მოსაგვარებელი მარტივი საკითხი,“ – განაცხადა სერგეენკომ.
იაშვილის კლინიკაში ექიმების გაფიცვა პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მენეჯმენტის მიმართ მის მფლობელობაში არსებული კლინიკის ექიმები პროტესტს გამოთქვამენ. მანამდე იყო პრობლემები კორპორაციის მფლობელობაში არსებული სამშობიარო კლინიკა „ახალ სიცოცხლეში,“ ასევე მოხდა პაციენტების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა, რის გამოც კორპორაციის კუთვნილ კლინიკების ექიმებს სანქციები დაეკისრა.
დავით სერგეენკომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი უნდა იყოს.