მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » “ინნოვას” ხელმძღვანელი ბაზარზე მედიკამენტების გაიაფებას პროგნოზირებს
მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. თუნდაც ჩვენი საწარმოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს.

“ინნოვას” ხელმძღვანელი ბაზარზე მედიკამენტების გაიაფებას პროგნოზირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ფარმაცევტული კომპანია „ინნოვასი” გახსნა. საწარმო „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში აშენდა. კომპანიის დაკავშირებით „კომერსანტი” გთავაზობთ ინტერვიუს „ინნოვასის” ხელმძღვანელ დავით ებრალიძესთან, 

– ტერიტორიულად, სად იქნება საწარმო და რა ოდენობის ინვესტიცია იქნება განხორციელებული? 

– საწარმო თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარეობს. ინვესტირებულია დაახლოებით 4.5 მილიონი დოლარი და ის პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა. აქედან „თიბისი ბანკის” სესხი 2 მილიონი დოლარს შეადგენს.

– უშუალოდ წარმოების პროცესი როდის დაიწყება? 

– ქარხანა უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს. რამდენიმე კვირაში ის სრულად დაიტვირთება.

– კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია 90 პროცენტით საექსპორტოა, რატომ გაქვთ გათვლა ექსპორტზე, როდესაც საქართველოში არსებული ფარმაცევტულ კომპანიებს ნედლეული იმპორტით შემოაქვთ? 

– ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე შეკვეთა მეზობელი ქვეყნებიდან. მათ შორისაა აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა. აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები როგორც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებთან, ისე იტალიის ერთერთ კომპანიასთან, რომელიც ნედლეულს ამ დროისთვის ინდოეთში ყიდულობს. ჩვენი პროდუქცია ქართული ბაზრისთვისაც არის გათვლილი და სამომავლოდ, წარმოების 30 პროცენტი ადგილობრივი ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.

– თუ გაქვთ მოლაპარაკებები ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიებთან, ანუ თუ აპირებენ თქვენთან თანამშრომლობას? 

– ჩვენ ყველა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ყველასთან აქტიურ კონტაქტზე ვართ.

– თქვენს მიერ წარმოებული პროდუქცია იმპორტირებულ ნედლეულს გაუწევს თუ არა კონკურენციას როგორც ფასით, ისე ხარისხით? 

– ამ ეტაპზე რა პროდუქციაც მზადდება, არის 100 პროცენტით ქართული მცენარეული ნედლეულისგან დამზადებული. ფასწარმოქმნაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს აქტიურ სუბსტანციებს. შესაბამისად, მათი აქ წარმოება მედიკამენტებს უკვე თაროზე მნიშვნელოვნად გააიაფებს.

– ის ნივთიერება, რომლის წარმოებასაც თქვენ იწყებთ, მედიკამენტების წარმოებაში ერთ-ერთ ძირითად მდგენელს წარმოადგენს. როგორც გავიგეთ, საქართველოში მისი წარმოების დაწყება მედიკამენტებზე ფასის დაახლოებით 3-ჯერ შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მარტივად რომ გვითხრათ, რა მედიკამენტები შეიძლება ამან გააიაფოს? 

– ამ ეტაპზე იწყება ორი პროდუქტის გადამუშავება, აქედან ორივე საექსპორტოა. ერთ მათგანზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთერთ ქართულ კომპანიასთან. რაც შეეხება ფასს, ჩვენი გათვლებით ფასი რამდენჯერმე შემცირდება.

– ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ შემოდგომაზე მედიკამენტები გაიაფდებოდა. ასე არ მოხდა. რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ეს და რა არის მთავარი, რომ ქვეყანაში მედიკამენტების მნიშვნელოვანი გაიაფება მოხდეს? 

– როგორც ვიცი, ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ერთერთი აქტუალური საკითხია, ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროც. ვფიქრობ, რომ ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. თუნდაც ჩვენი საწარმოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ეს ბაზარზე მალე აისახება.

– კომპანია ხალხში გაბნეული საგვარეულო სამკურნალო რეცეპტების მოძიებას და წარმოებასაც გეგმავს. იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ ამ პროექტის შესახებ. 

– ეს არის ჩვენი შეთავაზება ყველა იმ ოჯახისთვის, ვისაც საგვარეულო რეცეპტურა აქვს. დღეს ეს პრეპარატები ოჯახურ პირობებში მზადდება. ჩვენ მათ თანამშრომლობას ბევრი მიმართულებით ვთავაზობთ – იქნება ეს კვლევები თუ სერიული წარმოება. ვფიქრობ, რომ მათი პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებით დამზადება ხელს შეუწყობს მათ უფრო მეტ პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

– უახლოეს მომავალში რაიმე სხვა ახალი პროდუქციის გამოშვებას ხომ არ უნდა ველოდოთ? 

– საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით. გარდა ამისა, სამეცნიერო ინსტიტუტთან ხელმოწერილია მემორანდუმი, რომელიც სტუდენტების დასაქმებასაც გულისხმობს. იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …