“3 მილიარდიანი არ არის ჯანდაცვის ბიუჯეტი” _ განაცხადა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
_ ჯანდაცვის სამინისტროს მოიხსენიებენ მოკლე დასახელებით. სინამდვილეში ეს არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამწუხაროდ, ჯანდაცვის ბიუჯეტი არ არის სამი მილიარდი. ეს არის მთლიანობაში, რომლის ძირითადი ნაწილი არის სოციალური მიმართულებები, _ აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, რთულია ახლა იმაზე საუბარი, შესაძლებელი იქნება თუ არა პენსიის 50 ლარით გაზრდა.
_ პენსიების ზრდა 70%-ზე უფრო მეტია. თუ 2012 წელს იყო 100-150 ლარის ფარგლებში, მომავალ წელს იქნება უკვე 180 ლარი. ეს არის პროექტი, რომელიც უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში და პარლამენტის პრეროგატივაა პროექტის ბიუჯეტის დამტკიცება და არდამტკიცება. შემოსავლების ნაწილში დაგეგმილზე მეტი თანხების მობილიზაცია მოხდა და მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროცენტის კორეგირება. ამან მოგვცა პენსიების ზრდის შესაძლებლობა, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.
სერგეენკომ პენსიის დაგროვებითი სისტემის მოდელის დანერგვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “დაგროვებითი სისტემის პირველ შედეგებს მალე, 3-4-5 წელიწადში მივიღებთ და ნელ-ნელა ამ სისტემაზე გადავერთვებით”:
_2013 წლიდან დაწყებული ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობს იმ ჯგუფს, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროც შედის და რომელშიც ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტები. დამუშავდა დაგროვებით პენსიაზე გადასვლის მოდელი.
ეს პენსია არ ამუშავდება მთელი ფრონტით, არამედ მოხდება პილოტირება გარკვეულ ნაწილში, რადგან შინაარსობრივად ეს ნიშნავს, რომ ადამიანი აქტიური მუშაობის წლებში აკეთებს დანაზოგებს, რომელსაც გამოიყენებს შემდეგ საპენსიო ასაკის მიღწევისას. ვფიქრობ რომ ეს წარმატებული პროექტი იქნება და მომავალ წელს იმედია პილოტირებას დავიწყებთ, – განაცხადა დავით სერგეენკომ 2030-ის ეთერში.